იმაზე საუბარი, ზოგადად, რამდენად სჭირდება საქართველოს მსგავს მისიებში მონაწილეობა, ალბათ, შორს წაგვიყვანს, თუმცა სწორია თუ არა მისიაში მონაწილეობა და მითუმეტეს კონტიგენტის გაზრდა იმ ფონზე, როდესაც მსხვერპლის რაოდენობა იზრდება, სხვა საკითხია.
ავღანეთში მომხდარ ბოლო სამწუხარო ფაქტზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, აღნიშნა, რომ „მსხვერპლის მიუხედავად, ავღანეთში მისია საჭიროა“.
"ყველა გარდაცვლილი ჯარისკაცი ჩემი პირადი ტრაგედიაა, თუმცა პირადი ემოციებით ვერ ვიხელმძღვანელებ. საქართველო აუცილებლად იქნება ყველა ალიანსის წევრი. ჩვენ უნდა ვიყოთ მისაბაძი", - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებიდან ჩანს, რომ „ცივი გონებით“ მოაზროვნე პრეზიდენტი საქართველოს ევროსტრუქტურებში გაერთიანებაზე მიუთითებს, თუმცა აქვე სამხედროების დაღუპვას პირად ტრაგედიად აფასებს. მსგავსი ფაქტი პირადი ტრაგედიაა, ალბათ, ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვისაც და სწორედ ამიტომ იქმნება განწყობა, რომ ქართული კონტიგენტი ავღანეთიდან უნდა გამოვიდეს.
საზოგადოებრივი აზრის მიუხედავად, ალბათ, პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მთავარი მაინც დასახული (თუ მითითებული?!) ამოცანების შესრულება და მიზნების განხორციელებაა, თუნდაც ამის გაკეთება მას „პირადი ტრაგედიის“ ხარჯზე მოუწიოს. პრეზიდენტის „პირადი ტრაგედიები“ კი უკვე მსხვერპლშეწირვას ემსგავსება, რის გამოც ჩნდება კითხვა: რა არის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართული სამხედრო კონტიგენტის მონაწილეობა – აუცილებლობა თუ მსხვერპლშეწირვა?