საზოგადოება
ჯეიმს აპატურაი: საქართველოში ბევრი ნატოა, მაგრამ ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტი (საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი)

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

სამი მიზეზის გამო ვიმყოფები საქართველოში. პირველი, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა საქართველოში სტუმრობა. თუმცა არსებობს სამუშაო მიზეზებიც, რომლებიც უმთავრესია. დიდი მოლოდინით ველოდები მომავალ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას, აგრეთვე ვგეგმავ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რათა დღევანდელი საქართველოს სრული სურათი დავინახო. ნატოს სურს არამხოლოდ მთავრობასთან, არამედ ქართული საზოგადოების ყველა ნაწილთან შეხვედრა. ვიზიტის მესამე მიზეზი კი გარკვეული სამუშაოების ჩატარებას ეხება. ჩვენ ძალიან კარგი 2018 წელი გვქონდა, ბევრი კონკრეტული სამუშაო იქნა დასრულებული, დღესდღეობით ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი. მთავრობასთან და მომავალ ლიდერთან უნდა განვიხილოთ 2019 წლის გეგმები, ჩვენ გვინდა მეტი ნატო საქართველოში და აგრეთვე მეტი საქართველო ნატოში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ნატოს-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით 2019 წლის გეგმა იქნება. აპატურაი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.