საზოგადოება
ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატები ზუგდიდის გამგეობის მოხელეების დასჯას მოითხოვენ

SAKREBULOS_TAVMJDOMAREზუგდიდის გამგეობისა და საკრებულოს პირველ პირებს შორის დაპირისპირება ერთგვარ ტრადიციად იქცა. წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს ვახტანგ ცხადაიასა, რომელიც ამჟამად სამეგრელო ზემო-სვანეთის ვიცე-გუბერნატორია და ზუგდიდის გამგებლის - ალექსანდრე ქობალიას შორის არაჯანსაღი ურთიერთობა სუფევდა, გამგეობის მიერ იგნორირებული იყო საკრებულო. ამჟამინდელი საკრებულოს წინასგან განსხვავებით უფლებამოსილება გაზრდილი აქვს, რამაც გამგეობასა და საკრებულოს შორის ისევ წარმოშვა დაპირისპირება. ამჟამინდელი საკრებულო და მისი თავმჯდომარე ლევან კონჯარია ცდილობს, არ დაუშვას გამგეობისგან საკრებულოს იგნორირება. გავრცელებული ვერსიით, გამგეობისა და საკრებულოს პირველ პირებს შორის დაპირისპირებას ,,უზრუნველყოფს” სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, რომელიც ყოველთვის საკრებულოს თავმჯდომარის მხარეზეა. ასეთი დაპირისპირება თითქოსდა არ ჩანს, მაგრამ დაკვირვებულ თვალს ეს არ გამოეპარება.

ყოველივე ამის გამოხატულება იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის ,,ნაციონალების” მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება. უნდა აღინიშნოს, რომ, უკვე რამდენიმე წელია, ზუგდიდის დამოუკიდებელ ტელეკომპანია ,,ოდიშს” არ უჩვენებია საკრებულოს არც ერთი სხდომა, რომელშიც ზუგდიდისთვის ,,საჭირბოროტო საკითხები წყდება”. ტელეკომპანია ,,ოდიშის” არაოფიციალური მფლობელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სულუხიამ, რომლის კომიტეტის ერთ-ერთი პრეროგატივაა, განსაზღვროს ზუგდიდში შუქნიშნების, საგზაო ნიშნების განთავსების ადგილები, საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ის დააჯარიმა პატრულმა აკრძალულ ადგილზე გაჩერების გამო, არა და, მისი თქმით, იმ ადგილზე გაჩერების ამკრძალავი ნიშანი არ უნდა ყოფილიყო. გამგეობას საკრებულოს გვერდის ავლით განუთავსებია საგზაო ნიშნები. მე იმ კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, რომელსაც ევალება, განსაზღვროს ზუგდიდში შუქნიშნებისა და საგზაო ნიშნების განთავსების ადგილები. გავოგნდი, როდესაც პატრული დამადგა თავზე, როგორ აღმოჩნდა იქ ჩვენ გარეშე გაჩერების ამკრძალავი ნიშანი, არ ვიცი. რატომ აძლევს თავს იმის უფლებას გამგეობის სატრანსპორტო განყოფილება, რომ საკრებულოს ნებართვისა და დამტკიცების გარეშე განათავსოს საგზაო ნიშნები,”- აღნიშნა დათო სულუხიამ. საკრებულოს წევრებმა გამგეობის თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია მიხვდა იმას, რომ სიტუაცია იძაბებოდა, და საკრებულოს სხდომა დახურულად გამოაცხადა.

უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ინფორმაცია, რომელიც საკრებულოს კულუარებში იქნა გაცხადებული და რომელმაც შესაძლებელია დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიოს. საქართველოს ხელისუფლების ე.წ. საჩუქარს მოსახლეობისადმი – ელექტროენერგიის 20–ლარიან ვაუჩერს თურმე ზუგდიდის მოსახლეობის მხოლოდ მესმედი მიიღებს. ზუგდიდში ცხოვრობს 26 000 ათასამდე ოჯახი, ვაუჩერი კი მოსულია 9 000 ოჯახზე. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფლებში. ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ დიდ სოფელ ჯიხაშკარში სულ 10 ვაუჩერის გაცემაა გათვალისწინებული. მიზეზად სახელდება, მოსახლეობის ინდივიდუალურად დაურეგისტრირებლობა ,,ენერგოპროჯორჯიაში”. საკრებულოს დეპუტატებმა, რომელთაც დაავალა გამგეობამ ამ სიტუაციის მოგვარება, ერთხმად აღნიშნეს, რომ ყოველივე ამას აუცილებლად მოჰყვება სკანდალი.