საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი.
უფასო სამედიცინო აქცია ქვემო ქართლში მცხოვრები ვეტერანებისთვის
მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო კვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები) ჩაატარებენ.
უფასო სამედიცინო აქცია გარდაბანში, კლინიკა "სანოში" ჩატარდება. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.
მისამართი: ქ.გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა (ძველი საავადმყოფოს უკან).
შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძისგადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.
სამუშაო შეხვედრა რუსთავის საკრებულოში
მიმდინარე წლის 11 დეკემბერს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ვეტერანების საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმა და რუსთავში რეგისტრირებული ვეტერანებისთვის 2019 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალური და სამედიცინო პროგრამები განიხილეს.
რუსთავის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ქვირიამ დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტში ვეტერანებისთვის მოქმედი სოციალურიპროგრამები დეტალურად გააცნო.
ვეტერანების საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომას ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი ლევან ამირიძე, უწყების წარმომადგენელი ზაზა სამხარაძე, ორგანიზაცია „ვეტერანთა სოლიდარობის კავშირის“ თავმჯდომარე დავით ქრისტესიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია და ადგილობრივი ვეტერანები.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან გრიგოლ ვეფხვაძესთან, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელთან და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელთან ნინო ქვირიასთან რუსთავში მცხოვრები ვეტერანებისთვის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ხაზგასმით აღინიშნა ვეტერანთათვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ვეტერანების საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობა.
გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 29 ნოემბრის N29/11/01 განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის ჩოხატაურის ასეულის 4 მებრძოლი: გელა ბელოუსოვი, მამუკა კალანდაძე, გურამ უჯმაჯურიძე, ზაზა ცინცაძე და ოზურგეთის ბატალიონის 7 მებრძოლი: ბესო ვასაძე, მერაბ ვასაძე, ჯონდო ვასაძე, დიმიტრი თალაკვაძე, ხვიჩა ღლონტი, დავით ცანკაშვილი და გოჩა შილაკაძე სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ.
ჯილდოები დაღუპულთა ოჯახის წევრებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, გურიის გუბერნატორის მოადგილეებმა გია ებრალიძემ და გიორგი თურმანიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და ჩოხატაურის მერის მოადგილემ მინდიამ ჟღერიამ გადასცეს.
ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია, გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი გელა ბაქანიძე, უწყების თანამშრომლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, ახლობლები და ვეტერანები.