აქტუალური
"ფორინ პოლისის" ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ბლოკავს აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ავტორიტეტიანი ამერიკული გამოცემის ფორინ პოლისის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ბლოკავს აშშ-ის ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას, რადგან მას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევს.

სტატიის ავტორებმა ყოფილი და ამჟამინდელი ამერიკელი ოფიციალური პირებისაგან შეიტყვეს, რომ საქართველო, როგორც ჩანს, არ აპირებს ხელი მოაწეროს დიპოლომატიურ შეთანხმებას ბრინკის ელჩობაზე ოფიციალურად დასათანხმებლად. „ფორინ პოლისის“ სტატიაში ბრინკი მოხსენიებულია დიპლომატად, რომელსაც ევროპაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და საქართველოშიც უმუშავია.

სტატიის ავტორების თანახმად, მათთან საუბარში ორივე ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარყვეს სააკაშვილის მიმართ ბრინკის მხარდაჭერა. ბრინკი დაახასიათეს, როგორც პროფესიონალი, რომელსაც არასოდეს გამოუხატავს განსაკუთრებული კეთილგანწყობა სააკაშვილის ან მისი პარტია ნაციონალური მოძრაობისმიმართ. ერთ-ერთი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ბრინკის კანდიდატურას აქტიურად ემხრობა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიჩელი.

ბრინკის კანდიდატურის მიუღებლობა, სტატიის ავტორების აზრით, აჩვენებს, რა ცვლილებები განიცადა საქართველოს მთავრობამ პროდასავლურობით გამორჩეული სააკაშვილის გადადგომის შემდეგ. 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნებააგრძელებს საქართველოს დასავლურ კურსს, რომელსაც აბალანსებს მოსკოვთან გაუმჯობესებულ ურთიერთობასთანო, წერენ სტატიაში.

სტატიის ავტორების თანახმად, მათ „მრავალრიცხოვანი“ ამერიკული და ქართული წყაროებიდან შეიტყვეს, რომ ახალი ელჩის დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. ეს ინფორმაცია დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.

წელს ოქტომბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „არასერიოზული“ უწოდა განცხადებებს, რომ საქართველოს მთავრობა ხელს უშლის და აფერხებს შეერთებული შტატების ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას.