აქტუალური
უნდა დავემსგავსოთ ევროპულ ქვეყანას, სადაც გარკვეული დროის შემდეგ ყოფილ თანამდებობის პირებს დაცვა ეხსნებათ - ანზორ ჩუბინიძე

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საფუძველი არის, რომ ევროპულ, ცივილურ ქვეყანას დავემსგავსოთ, სადაც გარკვეული დროისა და ანალიზის შემდეგ ყოფილ თანამდებობის პირებს დაცვა ეხსნებათ – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ განუცხადა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონპროექტის თაობაზე მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის პოზიციას გამოეხმაურა.

ჩუბინიძის განმარტებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს, რომ სამივე დასაცავ პირს – პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დაცვა გაუგრძელდეთ ერთი წელიწადი, თუმცა შემდეგ, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელი იქნება დაცვის გაგრძელება.

დრო გვექნება, რომ დაკვირვება მოვახდინოთ. მაშინ, როცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აღარ იმოქმედებს, ოპერატიული სამსახური იმუშავებს, რომელიც დასაცავი პირის გარშემო ინფორმაციას შეკრებს. თუ მიღებული ინფორმაცია საფუძვლიანი იქნება, უფლებას დავიტოვებთ, რომ მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ და დაცვითი ღონისძიებები განვახორციელოთ, თუმცა პირველივე შესაძლებლობისთანავე მივმართავთ მთავრობას, რომ ამის კანონიერი საფუძველი მოგვეცეს. საფუძველი არის იმის, რომ ევროპულ, ცივილურ ქვეყანას დავემსგავსოთ, სადაც დაცვა ასეთი ფორმით ხდება და გარკვეული დროის შემდეგ, როცა ანალიზი კეთდება და რისკები აღარ არსებობს, დაცვა იხსნება. რაციონალურად უნდა მოვიქცეთ და დაცვამ უნდა იმუშაოს იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს. სახელმწიფო დაცვა უნდა მოქმედებდეს საჭიროებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ პრეზიდენტია და პრემიერია. თუ ამის საჭიროება არ არის, რატომ უნდა ვატაროთ წინ და უკან?”, – განაცხადა ჩუბინიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

დეპუტატებს ცვლილებების არსი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ გააცნო.

ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლებათ, თუმცა დაცვა შეიძლება დაენიშნოთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დაცვა რაოდენობრივად და ხარისხობრივად შემცირდება.

როგორც ჩუბინიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, დაცვის თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში ცვლილება იქნება რაოდენობასა და ხარისხში.

შემცირდება რაოდენობრივად და ხარისხობრივად. დაცვა სხვადასხვა კატეგორიებს მოიცავს. ამაზე საუბარი რთულია, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენს სამსახურში განსაზღვრულია სხვადასხვა დონის დაცვა. როცა საჭიროება არ არის, ხარისხს ვუკლებთ. ეს გამოიხატება რაოდენობასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩართულობაში”, – განაცხადა ჩუბინიძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, აგრეთვე, რომ პრეზიდენტის ათონელის რეზიდენცია მზად იქნება, რომ სალომე ზურაბიშვილი შევიდეს და იმუშაოს, თუმცა ტექნიკური სამუშაოები შესაძლოა კვლავ იყოს ჩასატარებელი.

ანზორ ჩუბინიძე ვერ აკონკრეტებს, რა დაჯდა შენობის რემონტი.

თანხები ზუსტად არ ახსოვს. ვფიქრობ, რომ გარკვეული ეტაპისთვის პრეზიდენტის რეზიდენცია მზად იქნება, რომ პრეზიდენტი შევიდეს და იმუშაოს, თუმცა ტექნიკური სამუშაოები შესაძლოა კვლავ იყოს ჩასატარებელი. შენობას დაცვა იცავს. ყველაფრის მიუხედავად, იმის აუცილებლობა არ არის, რომ რაღაც დავაჩქაროთ და სიჩქარეში რაიმე გაფუჭდეს. პრეზიდენტი შევა და მას მუშაობის საშუალება ექნება, თუმცა შესაძლებელია, რაიმე ტექნიკური დეტალი იყოს. ისეთი სიჩქარე არ არის საჭირო, რომ რაღაც დაზიანდეს”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ მუშაობის დაწყებას ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლეში აპირებს.