საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული პირების მიერ არეულობის შესაძლო მოწყობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს შესწევს ძალა, მსგავსი ქმედებების პრევენცია მოახდინოს.
„ეს საკითხი, ბუნებრივია, ძალიან რეზონანსული და აქტუალურია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ეს არ არის სიურპრიზი. საქმე გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც ძალაუფლებისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი. ამ სიტყვაში იგულისხმება მართლაც რომ ყველაფერი. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიზანია, მოახდინოს მსგავსი ქმედებების პრევენცია. მე წინასაარჩევნო პერიოდშიც და მანამდეც არაერთხელ განვაცხადე, ნურავის ექნება ილუზია, რომ გარკვეულ დისონანსს შემოიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სახელმწიფო ინსტიტუტები არის საკმარისად ძლიერი, რომ მოახდინონ მსგავსი ფაქტების გამოაშკარავება, საზოგადოებას კი აქვს უფლებამოსილება, შეაფასოს სრულიად უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი მოქმედებებისკენ მიდრეკილი პოლიტიკოსების საქციელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.