სამართალი
ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდოს! - პროტესტის მონაწილეებმა იუსტიციის სახლი ალყაში მოაქციეს (ვიდეო)

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. საპროტესტო აქციის გამო გუშინ იუსტიციის სახლში მოქალაქეები შესვლას ვერ ახერხებდნენ. დაკეტილი იყო იუსტიციის სახლის ორივე შესასვლელი.

აქციის მონაწილეები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, იუსტიციის სახლთან დილიდან შეიკრიბნენ. მათ იუსტიციის სახლში შესვლა სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა კარები შიგნიდან ჩაკეტეს (ვიდეო იხ. აქ).

„ქართული მარშის“ ორგანიზებულ აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ადა მარშანია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია.

აქციის მონაწილეებმა სხვა ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდეს, გამოვიდნენ და იუსტიციის სახლების პიკეტირება მოახდინონ.

თბილისში, იუსტიციის სახლთან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ანტიქართულს“ უწოდებენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, იუსტიციის სახლში რამდენიმე ადამიანი შეუშვან და დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა შეჩერდეს ეს პროცესი, ვიდრე კანონი ამოქმედდება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.