რელიგია
ილია მეორე: საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი იყო გამოცდა ჩვენი ერისა და ჩვენმა ერმა გამოავლინა ბევრი უარყოფითი მხარე, რაც ძალიან საწყენია...

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (09.12.2018)

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი

წარსულ კვირასაც და დღესაც მე მინდა შევეხო ერთ საკითხს. პავლე მოციქული ამბობს: ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი.

ვის შეუძლია, სიმძიმე სხვისი იტვირთოს?

შეუძლია იმ ადამიანს, რომლის სული, გონება და გული განსმჭვალულია სარწმუნოებით, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოებით. მაგრამ არის შემთხვევა, როცა უჭირს ადამიანს ტვირთვა სხვისი სიმძიმისა. თურმე ყოფილა უფრო მძიმე, იტვირთო სიხარული სხვისი, ვიდრე მწუხარება. მწუხარებას უფრო ადვილად იტვირთავ და სიხარულს უფრო მძიმედ.

აი ეს პერიოდი, რომელიც ჩვენ განვლეთ, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, ეს იყო გამოცდა ჩვენი ერისა და ჩვენმა ერმა გამოავლინა ბევრი უარყოფითი მხარე. ეს ძალიან საწყენია. ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვებიც, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. არჩევნების დროს ერთი ხმითაც მეტი რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია. ამიტომ მე მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, ღმერთი არის სიყვარული და ეს სიყვარული, ეს სიკეთე, რომელსაც თქვენ გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს ან ცუდი გაუკეთოს ერთმანეთს. ისევ სიკეთე, ისევ სიყვარული, ისევ სიმშვიდე უნდა სუფევდეს ჩვენში.

მომავალ კვირას არის ინაუგურაცია პრეზიდენტის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როცა ქალი არის არჩეული, ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ.

ჩვენთან არს ღმერთი.