ახალი წლიდან მოსახლეობას, მოხმარებული ბუნებრივი აირის გარდა, ე.წ. ტ.შ.კ-ს გადასახადიც დაემატა. აბონენტები აღნიშნულთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. როგორც შ.პ.ს "სოკარ ჯორჯია გაზი-კახეთის" გურჯაანის სერვისცენტრში აცხადებენ, უახლოეს მომავალში ყველა აბონენტს ახალი მრიცხველი ექნება და პრობლემაც მოგვარდება.
მოსახლეობისთვის გაურკვეველია, თუ რას ედავება "სოკარ ჯორჯია გაზი-კახეთი" და ყოველთვიურად რატომ უწევთ დამატებითი გადასახადის გადახდა."ქვითარში რაღაც ტ.შ.კ-ს გადასახადია მინიშნებული. ამ თვეში 85 თეთრით ზედმეტი გადავიხადე, ჩემს მეზობელს 1,06 თეთრი ჰქონდა დარიცხული, თითქმის მთელ უბანს ასეთი პრობლემა აქვს. არ ვიცით, რას გვახდევინებენ. ბანკში გვეუბნებიან, რომ ისინი არაფერ შუაში არიან და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. გვინდა, გავიგოთ რისი გადასახადი გვემატება!" – აცხადებს ეთერ მჭედლიშვილი.
მოსახლეობა იმაზეც ალაპარაკდა, რომ, შესაძლოა, გაზის ტარიფმა მოიმატოს, თუმცა ამ ინფორმაციას შ.პ.ს "სოკარ ჯორჯია გაზი-კახეთის" გურჯაანის სერვისცენტრში არ ადასტურებენ. აღნიშნული ორგანიზაციის მენეჯერი გიორგი მაჭავარიანი ამბობს, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. "აღნიშნული ტ.შ.კ. გადასახადი გულისხმობს ტემპერატურის შემასწორებელ კოეფიციენტს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ზუსტი აღრიცხვიანობა ვაწარმოოთ". აღნიშნული პრობლემა ძველ მრიცხველებთანაა დაკავშირებული და საჭიროა მათი ახლით შეცლა, რათა იყოს ზუსტი აღრიცხვიანობა. "ძველ მრიცხველებს თერმოკორექტორი არ გააჩნია და მოსახლეობას ამიტომაც დაეკისრა ტემპერატურის შემასწორებელი კოეფიციენტის (ტ.შ.კ) გადასახადი. "სოკარმა" უკვე დაიწყო ახალი მრიცხველების დამონტაჟება, მას გააჩნია თერმოკორექტორი, ის ზუსტად აღრიცხავს დახარჯულ ბუნებრივ აირს",- აღნიშნა "სპექტრთან" საუბარში შ.პ.ს "სოკარ ჯორჯია გაზი-კახეთის" გურჯაანის სერვისცენტრის მენეჯერმა გიორგი მაჭავარიანმა.