პოლიტიკა
ოპოზიციის ფანტასტიკური გეგმები: სააკაშვილის პარტია ხელისუფლებას სასამართლოში უჩივის!

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური გეგმები, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშია წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ მათი სამომავლო გეგმების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჩვენ მხარს გვიჭერს რეალურად აქტიური ნაწილი საქართველოს მოსახლეობის, რომელიც წნეხის, ზეწოლის და დაშინების მიუხედავად მოვიდა და ეს არჩევანი გააკეთა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არჩევანი იყო საფუძველი იმისა, რომ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს არის უბრალოდ დროის საკითხი. რამდენ ხანში მოხდება ეს, თქვენც ნახავთ, ჩვენც ვნახავთ.

ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ფუნდამენტური პრობლემები ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი დაირღვა, რაც საფუძველია კანდიდატის რეგისტრაციის მოთხოვნის ლეგიტიმურობის.

ოპოზიცია ასევე მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრისა და თბილისის მერის წინააღმდეგ.

ჩვენს სარჩელში უზარმაზარი, ზღვა ნაწილია წარმოდგენილი. ერთის მხრივ, თაღლითური დაპირების, რომ სესხები გაუუქმდება 600 ათას ადამიანს, რომელიც ამდენი არაა. ეს არის პირდაპირი ამომრჩევლის მოსყიდვა და მეორე, ყველას გვახსოვს კარტოფილების და ხახვების, უფასო მეორადი ტანსაცმელის დარიგება. ამის ყველაფრის ვიდეო და აუდიო მტკიცებულება გვაქვს, რომელსაც წარვადგენთ.

ჩვენს სარჩელს თან ერთვის, რაღა თქმა უნდა, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არჩევნები მასობრივი მოსყიდვის პირობებში მიმდინარეობდა და ეს დადასტურებულია ამ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით.

ჩვენ ამის გარდა მივმართავთ პროკურატურას და ვითხოვთ, სისხლის სამართლის კოდექსის 164-პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, როცა ამ მასობრივ მოსყიდვას აწარმოებდა პირდაპირ ეთერში და ბატონი კალაძის მიმართ, რომელიც შტაბს ხელმძღვანელობდა და რომელმაც ასევე პირდაპირ დანაშაული ჩაიდინა თავის განცხადებაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.