აქტუალური
საქართველოს მთავრობა ლონდონსა და სტრასბურგში საელჩოებისთვის შენობების ყიდვას აპირებს

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ლონდონსა და სტრასბურგში საელჩოებისთვის შენობების ყიდვას აპირებს.

გიორგი კაკაურიძემ საელჩოების საკითხზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ილაპარაკა, სადაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვერსიაზე იმსჯელეს.

კაკაურიძის თქმით, ლონდონსა და სტრასბურგში შენობების შესყიდვისთვის 17 მილიონი ლარია გამოყოფილი.

თუ აღნიშნულ შენობებს შევიძენთ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”, – დასძინა კაკაურიძემ.

თავის მხრივ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ლონდონსა და სტრასბურგში შენობების შესყიდვის საკითხი მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა და დაინტერესდა, 2019 წელს მოხდება თუ არა კვლავ საელჩოებისთვის შენობების შესყიდვა.

კაკაურიძემ ქაცარავას შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საელჩოებისთვის შენობების შესყიდვა გათვალისწინებული არ არის, თუმცა საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია.