უცხოეთი
კრემლი საფრანგეთის საპროტესტო აქციებში შესაძლო ჩარევას უარყოფს

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. საწვავზე ფასების შესაძლო ზრდის გამო საპროტესტო აქციების გამართვა საფრანგეთის შიდა საქმეა და რუსეთი ასეთ პროცესებში არ ჩაერევა,-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას RBC- ის კორესპონდენტი ავრცელებს.

“პირველ რიგში, შევუსწორებდი მათ: არ არსებობს რუსეთის შესაძლო ჩართულობა, როგორც განცხადებები მოვისმინე, არამედ შესაძლო გარე ჩარევაზეა საუბარი…. “, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვი საფრანგეთის სუვერენიტეტს პატივს სცემს. დიმიტრი პესკოვის შეფასებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შესახებ ბრალდებები “ცილისწამებაა”.

სააგენტო “ბლუმბერგის” ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლება “ყვითელი ჟილეტების” მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს რუსეთის შესაძლო ჩარევას იძიებს, რომელიც ქვეყნის ბევრ ქალაქში გაიმართა.

სააგენტო “ბლუმბერგი” ასევე იუწყება, რომ რუსული მედია “სპუტნიკი” და RT არხი აქტიურად აშუქებდა საფრანგეთში მიმდინარე აქციებს, მაგრამ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია საფრანგეთის პოლიციის უკმაყოფილების, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოლიტიკისა და მომიტინგეების მხარდაჭერის შესახებ, სავარაუდოდ, სიმართლეს არ შეესაბამება.

საფრანგეთში მასშტაბური აქციები 17 ნოემბერს დაიწყო. მაშინ საპროტესტო აქციებზე დაახლოებით 300 ათასი ადამიანი გამოვიდა. ამასთან, პარიზში მათ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შეღწევა სცადეს.

მიტინგების მონაწილეები ქვეყანაში საწვავისა და გადასახადების ფასების გაზრდას აპროტესტებდნენ.

ამის შემდეგ კი, ქვეყნის ხელისუფლებამ, გადასახადებისა და საწვავის ფასების ზრდის შესახებ გადაწყვეტილება ნახევარი წლის ვადით შეაჩერა.

ipress.ge