უცხოეთი
სომხეთის ცესკო-მ ხმების დათვლა დაასრულა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 70.43 პროცენტით ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა მოიგო

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 70.43 პროცენტით პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ გაიმარჯვა.

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების დათვლა ადგილობრივი დროით 07:30 საათზე დაასრულა.

ხმათა დათვლის შედეგად, არჩევნებში მეორე ადგილი, 8.27 პროცენტით, პარტია „აყვავებულმა სომხეთმა“ დაიკავა, მესამე ადგილზე კი პარტია „ნათელი სომხეთი“ გავიდა 6.37 პროცენტით.

სომხეთის ცესკო-ს მონაცემებით, ხუთწლიანი ვადით არჩეულ სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პარტია და მისი რევოლუციური მოკავშირეები შედიან. სხვა პარტიებმა ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს. „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, არჩევნებში ხმათა 4.7 პროცენტი მიიღო.

სომხეთის კონსტიტუცია პარლამენტში ოპოზიციას ერთი მესამედის გარანტიას აძლევს და მოსალოდნელია, რომ „აყვავებული სომხეთი“ და „ნათელი სომხეთი“ თავს კონსტრუქციულ ოპოზიციად გამოაცხადებენ.

1tv.ge