პოლიტიკა
სკანდალი: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის და პრეზიდენტ მარგველაშვილის PR-სამსახურების უფროსები რუსეთის მაიონეზ "СЛОБОДА"-ს არეკლამებდნენ (netgazeti.ge)

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. ქართულმა ჟურნალმა City Magazine-მა თავის ვებსაიტსა და ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა სარეკლამო სტატია და ფოტოები რუსულ მაიონეზ “სლობოდას” შესახებ, რომელშიც რამდენიმე საჯარო მოხელე მონაწილეობს.

სარეკლამო ფოტოებზე აღბეჭდილ პირებს შორის არიან თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო თოლორდავა, შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი და ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე.

აღნიშნულმა სარეკლამო მასალამ ფეისბუქზე ადამიანთა ნაწილში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ნეტგაზეთი დაუკავშირდა ზემოთ ჩამოთვლილ პირებს, რათა გაერკვია, თუ რა იყო ამ რეკლამაში მათი მონაწილეობის მოტივაცია და რას ფიქრობენ კრიტიკაზე.

ჩემთვის ეს ძალიან დიდი პრობლემაა და არც ვიცოდი, რომსლობოდარუსული კომპანია იყო, უკრაინული მეგონა. მეტიც, მე არ ვიცოდი, რომ ეს იყო დაგეგმილი რეკლამა, მე ვიცოდი, რომ მივდიოდით გარკვეულ წინასაახალწლო სამზადისზე და ფოტოსესიაზე. ჩემთვის სიურპრიზი იყო, როდესაც მივედი და აღმოჩნდა, რეკლამაში უნდა მიმეღო მონაწილეობა. სრულიად გაუგებარ ამბავში აღმოვჩნდი და უბრალოდ, ვერ ვთქვი ამაზე უარი, იმდენად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის.

მე სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ, კერძოდ კი თავდაცვის სამინისტროში, და ჩემი, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის არჩევანი ევროატლანტიკურ გეზს მიემართება. სიტუაცია იმდენად მოულოდნელი იყო, რომ უკან ვერ დავიხიე, – უთხრა ნინო თოლორდავამ ნეტგაზეთს.

იმის შესახებ, რომ არ იცოდა სარეკლამო ფოტოსესიაში მონაწილეობის შესახებ, ასევე ლაპარაკობს ამჟამინდელი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე. ნეტგაზეთთან სატელეფონო ინტერვიუში ის განმარტავს, რომ “სლობოდას” რუსული წარმომავლობის შესახებ არც თვითონ იცოდა.

მეგონა, რომ პროდუქცია უკრაინული იყო. თუმცა საერთოდ არ ვიცოდი, ამ რუბრიკას თუ ინტერვიუს სარეკლამო სახე ჰქონდა. ზოგადად, ერთი უწყინარი საახალწლო ინტერვიუ და ფოტოსესია უნდა ყოფილიყო მეგობრებთან ერთად. რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყნის პროდუქციის რეკლამა პრობლემად მიმაჩნია, ამიტომ ვწუხვარ ძალიან, უნებლიეთ რომ ასე გამოვიდა,” – დასძენს ეკა მიშველაძე.

რაც შეეხება ხატია მოისწრაფიშვილს, მან ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა, რომ არც მან იცოდა “სლობოდას” რუსული წარმომავლობის შესახებ.