საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. მომავალი სემესტრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში ახალ საგანს შემოიღებენ - „თავდაცვა და უსაფრთხოება“. გაკვეთილებს ჩაატარებენ სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის - აფხაზეთსა და ოსეთში საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები, რომლებიც უკვე გადიან შესაბამის ტრენინგებს. განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, თავდაპირველად შეარჩევენ 10-20 სკოლას, რომლებშიც საგანი საპილოტე რეჟიმში შევა.
„სკოლებისთვის ახალი საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ამოცანაა მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, - საჭიროდ ჩავთვალეთ, პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით საპილოტე პროექტის სახით შეგვემუშავებინა სახელმძღვანელო, კერძოდ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომელიც მოზარდ თაობას პატრიოტული სულისკვეთებიდან გამომდინარე გააცნობს, რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო. ეს საფრთხეები არის როგორც კონვენციური, ასევე არაკონვენციური. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ბიოლოგიურ ან სხვა ტიპის კატასტროფებთან, შესაბამისად, ამ საფრთხეებს ადეკვატურად აღქმა სჭირდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე ქვეყნისთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, მომდინარეობს სწორედ რუსეთის ფედერაციიდან”.
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის ინფორმაციით, „ამ პროექტზე განათლების სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტებმა შეიმუშავეს პროფესიული განვითარების მოდული, რომლის მიხედვითაც ახლა მიმდინარეობს ტრენინგები შერჩეული სამხედროებისთვის. ისინი გაივლიან ტრენინგ-მოდულს და გაზაფხულიდან სამინისტრო შეარჩევს რამდენიმე სკოლას თბილისსა და რეგიონებში. აქცენტი გაკეთდება იმ მიმართულებებზე, რომლების ცოდნა მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, მაგალითად, რა პოლიტიკური საფრთხეების წინაშე იდგა ქვეყანა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. საგნის მიზანია - მისწავლეებმა კარგად იცოდნენ საკუთარი ეროვნული გმირების ისტორია“.
ანტირუსული პროპაგანდის ახალ აღმაშფოთებელ ფაქტთან დაკავშირებით საქინფორმი მკაცრად აპროტესტებს კანონსაწინააღმდეგო, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ, პოლიტიზაციას სასწავლო დაწესებულებებისა, სადაც ბავშვებს სკოლის მერხიდან აღზრდიან შოვინიზმის, რუსოფობიის სულისკვეთებით და „რუს ოკუპანტებზე“ შურისძიების გრძნობას აღუძრავენ.
საქინფორმი შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს მეგობრობა, ჩვენი მართლმადიდებელი ხალხების ურღვევი კულტურული კავშირები საუკუნეებს ითვლის, ხოლო სულ ათიოდე წელია, რაც ბოროტმოქმედი სააკაშვილის მიერ ცხინვალში მოწყობილი პროვოკაციის შემდეგ ქართველებს და რუსებს ერთმანეთს უსევენ სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომელთა წლიური ხელფასი ასობით ათასი ლარია!
საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ მოცემული პროექტი მთლიანად შეესაბამება გებელსისეულ ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგიას და ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის პროგრამას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომლის მიზანია კონფლიქტების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი დარეგულირება, აფხაზებთან და ოსებთან შერიგება, რასაც ბუნებრივად მოჰყვება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ახალგაზრდა ქართველებს, რუსებს, აფხაზებსა და ოსებს საშუალება აქვთ, ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდეთ სოციალური ქსელების მეშვეობით და თვითონ გაიგებენ სიმართლეს - ვინ და რა მიზნით დაიწყო ის ძმათა მკვლელი ომები, რომლებშიც გამარჯვებული არ არსებობს! გამარჯვებულები იყვნენ მხოლოდ დიდ სამამულო ომში, იმიტომ, რომ იქ ჩვენი ხალხები მხარდამხარ იბრძოდნენ ნაცისტების წინააღმდეგ!
საქინფორმი გაფრთხილებთ - ჩვენს ხალხებს შორის შერიგება გარდაუვალია, ერთად ცხოვრება ჩვენი ბედისწერა და ღვთის ნებაა, ხოლო გაყალბებულ სახელმძღვანელოებს მაკულატურაში ჩააბარებენ! სახელმძღვანელოების კვალდაკვალ პოლიტიკოსი რუსოფობებიც ისტორიის სანაგვეზე მოხვდებიან, სადაც უკვე ლპება ჩვენი მოძმე ხალხების წამკიდებელი ნეონაცისტი სააკაშვილი!
საქინფორმი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს გენერალთა კლუბს და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურს, რომლებმაც თავიანთ ვრცელ საპროტესტო განცხადებებში აღშფოთება გამოხატეს და მკვეთრად დაგმეს თავდაცვის და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროების ზემოთ ხსენებული ინიციატივა.
საქინფორმი მოითხოვს, დაუყოვნებლივ გადადგნენ საქართველოს თავდაცვის და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრები, რომლებმაც ყვრნიან ახალგაზრდობას და საკუთარი თავის საბოლოო დისკრედიტაცია მოახდინეს, აგრეთვე მათი ყველა მოადგილე! საქინფორმი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას - დაიწყოს საპროკურორო შემოწმება ზემოთ აღნიშნულ სამინისტროებში და შეამოწმოს მათი ხელმძღვანელების ქონებრივი დეკლარაციები მფლობელთა რეალური ქონების შესაბამისობაზე - რამდენად გაიზარდა მათი ქონება მაღალ თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში?
საქინფორმი ინიციატივით გამოდის - გაუქმდეს წარუმატებელი გადაწყვეტილება სამი სამინისტროს შერწყმის შესახებ და ისინი განათლების და მეცნიერების სამინისტროდ, კულტურის სამინისტროდ და სპორტის სამინისტროდ გაიყოს, როგორც ეს ყოველთვის იყო.
საქინფორმის რედაქცია