აქტუალური
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ცნობილი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გახდება

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, სავარაუდოდ, ცნობილი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გახდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს შედგება.

ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილია. მანამდე ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა.

სამშაბათს ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შერჩევის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და მათი წარდგენა ბრიფინგზე მოხდება.

რაც შეეხება გაბუნიას, ის აქტიურად იყო ჩართული ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის საქმიანობაში.

სახელმწიფო სამსახურში მუშაობა დიმიტრი გაბუნიამ 1998 წელს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში დაიწყო.

2000 წლიდან მუშაობდა იურიდიულ ფირმაშიკორძაძე და სვანიძე - ადვოკატები“.

2005-2007 წლებში გაბუნია თბილისის საარბიტრაჟო პალატას ხელმძღვანელობდა.

2005 წლიდან დიმიტრი გაბუნია ხელმძღვანელობს საადვოკატო ბიუროსგაბუნია და პარტნიორები“, რომელიც გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეებით იყო დაკავებული.

2009 წელს გაბუნიამ საქართველოში პირველი საადვოკატო სკოლა დააარსა.

საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექვსი წლის ვადით აირჩია. ეს იყო ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფო მეთაური პირდაპირი წესით აირჩიეს. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც მომავალში საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 37,74%.