საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველია.
28 ნოემბერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისა და ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ სააკაშვილმა პოლიციას, ჯარს და ჩინოვნიკებს "მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენ" მოუწოდა. არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
ზურაბიშვილის კონკურენტი სააკაშვილის თანამოაზრე, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო.
„რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას, მე, როგორც იურისტს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს გამოთქმები სისხლის სამართლის შემცველია და ამაზე აუცილებელია, მოხდეს რეაგირება და ჩვენ დავინტერესდებით, რამდენად სწრაფად მოხდება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ამასთან, მან კანონდარღვევა უწოდა სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, რამდენადაც იგი საქართველოს მოქალაქე არაა.
„ის, რომ მოქალაქეობის არმქონე პირი აქტიურად ჩართულია პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში, კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და ძალზე სამწუხაროა, რომ ამ დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება არ იყო", - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააკაშვილი თავის მომხრეებს ხვდებოდა და ასევე Facebook-ის საშუალებით პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, ახალი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.
საქართველოში მას 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე დაუსწრებლად 6 წლის ვადით, ხოლო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შეწყალებისთვის 3 წლით ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით განიხილავს კიდევ ორ საქმეს - 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას.