საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ამის შესახებ მან გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ინაუგურაციის ცერემონიის დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში. მინდოდა, პირველს მე მეთქვა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ინაუგურაციაზე უცხოურ დელეგაციებს მიიწვევენ.
„უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ დაესწრება. ინაუგურაციას დაესწრება, რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილიც”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.