პუბლიკაციები
2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის. მთავრობამ კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარადგინა.

მთავრობის სარეზერვო ფონდი წელს 10 მილიონი ლარით, 60 მილიონ ლარამდე იზრდება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ზრდა გამოწვეულია არჩევნების მეორე ტურის დაფინანსების, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში 10 პროცენტზე მეტი ხმების მიმღები სუბიექტებისთვის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული თანხების ანაზღაურებით.

ამასთან, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მილიონი ლარი იქნება, რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, ამისთვის თანხის გამოყოფა გათვალისწინებული არ არის.

დოკუმენტში 4,5-დან 5 პროცენტამდე იზრდება ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამ ფონზე 240 მილიონი ლარი ემატება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმას. ხდება ცალკეული უწყებების ხარჯების კორექტირება. მათ შორის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 269 მილიონი ლარით მცირდება, რაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების გადავადებას უკავშირდება.

შემოსავლების გადაჭარბებიდან გამომდინარე, ასევე საკრედიტო რესურსების ნაწილის მომდევნო წლებში გადატანის გათვალისწინებით, 2,8-დან 2,3 პროცენტამდე მცირდება 2018 წლის ბიუჯეტის დეფიციტი.

სტრასბურგსა და ლონდონში საქართველო დიპლომატიური მისიებისთვის შენობებს შეიძენს. თანხის გამოყოფა 2018 წლის ბიუჯეტიდან იგეგმება.

ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტში დაგეგმილი ცვლილებებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 21 მილიონი ლარით, 142 მილიონ ლარამდე იზრდება.

თანხის ნაწილი საელჩოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს მოხმარდება.