უცხოეთი
დავით ზალკალიანი - მაღალი პოზიტიური შეფასება გვაქვს როგორც თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიზაციის, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ძალიან მაღალი პოზიტიური შეფასება გვაქვს ყველა იმ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება თავდაცვის, უსაფრთხოების, დემოკრატიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, – ამის შესახებ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორმხრივ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ს საბოლოო წევრობისთვის“.

ზალკალიანმა ასევე შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გამოსვლა ბრიუსელში, მარშალის ფონდში, სადაც მაიკ პომპეომ ისაუბრა საქართველოსა და უკრაინის კონტექსტში რუსეთის აგრესიაზე. საგარეო მინისტრის განცხადებით, პონპეოს გამოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავდა.

„სახელმწიფო მდივნის მხრიდან არის ასეთი მკაფიო მხარდამჭერი გზავნილებიძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მოვისმინეთ ძალიან კარგი განცხადებები, რომელიც გაკეთდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან, კერძოდ, უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში. ბუნებრივია, ჩვენ უშუალოდ მინისტერიალის შეხვედრაზე ყველა ჩვენს პარტნიორთან გვექნება საუბარი იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციასთან ჩვენს მოლოდინებზე. აუცილებელია, რომ ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებები ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში და ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ ინტეგრაციის პროცესში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პრაქტიკული მხარდაჭერის კონტექსტში, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, მინისტერიალის გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი მუშაობს საქართველოსთან, რათა ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის სამსახურის მოდერნიზაცია მოხდეს.

როგორ ზალკალიანი განმარტავს, ეს მხარდაჭერა ბრიუსელის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს, რაც გულისხმობს ნატო-ს სამხედრო გემების საქართველოს პორტებში მეტ შემოსვლას, საქართველოს მონაწილეობას წვრთნებში, ასევე აბორდაჟის მიმართულებით დახმარებას ტრეინინგის თვალსაზრისით.

„ყველაფერი ეს არის ის კონკრეტული მიმართულება, რაც არის ასახული ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებებში და ბუნებრივია, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია ნაბიჯები და მომავალშიც აქტიურად გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს“, – აცხადებს ზალკალიანი.

1tv.ge