აქტუალური
ახლა ულტიმატუმების დრო არ არის! - ზურაბიშვილი ვაშაძეს პასუხობს

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლა ულტიმატუმების დრო არ არის. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის ულტიმატუმს შეეხებოდა.

ჯერ არ არის ულტიმატუმების დრო. პირველ რიგში, დემოკრატია მოითხოვს, რომ აღიარებული იყოს არჩეული პრეზიდენტი, გადავიდეთ ახალ რეჟიმზე, დაწყნარდეს პოლიტიკური გარემო, დაპირისპირება დავაწყნაროთ. როგორი იქნება ეს რეჟიმი, შემდეგ გადავწყვეტთ და ამაზე მე ვიმუშავებ, პირობა დავდე ჩემი თავის წინაშე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ხელისუფლების პასუხზე.

ხელისუფლებას ვთავაზობთ, შექმნას სამუშაო ჯგუფი ხუთი ადამიანის შემადგენლობით და კონსტიტუციურად, სამართლებრივად ერთად გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ამისთვის ვითხოვთ საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას. ისეთ ცვლილებას, რომელიც მთლიანად შეცვლის საარჩევნო კორუმპირებულ ადმინისტრაციას, ცესკო-დან დაწყებული, უბნებამდე დამთავრებული. ვიცით, რომ ეს კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. გაერთიანებულ ოპოზიციას გიორგი ვაშაძის ინიციატივითა და ლიდერობით უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელსაც ყველა პოლიტიკურ პარტიასთან შევათანხმებთ.

უნდა გაუქმდეს საოლქო კომისიები, რომელიც არაფერი არ არის, თუ არა გაყალბების კიდევ ერთი ინსტრუმენტი, საჯარო მოხელეებს მკაცრად უნდა აეკრძალოთ კამპანიაში მონაწილეობა, განსაკუთრებით მინისტრებს და მათ მოადგილეებს. ეს ხალხი ან მთლიანად წარმოადგენს ქართველ ერს, ან მაშინ არიან ერთი პარტიის წარმომადგენლები და ეს თანამდებობები არ უნდა ეკავოთ.

აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას ვთავაზობთშექმენით სამუშაო ჯგუფი, დავუშვათ, ხუთი ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთ თქვენთან, ჩვენც ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას. სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ ცივილიზებულად, ევროპულად, კონსტიტუციურად, სამართლებრივად დავჯდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდეგი ნაბიჯები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.