უცხოეთი
ყატარი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციიდან გასვლას გეგმავს

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. ყატარი 2019 წლის პირველი იანვრიდან ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციიდან (ოპეკიდან) გასვლას გეგმავს. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ყატარის სახელმწიფო მინისტრმა, საად ბენ შარიდა ალ-ქააბიმ დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ ქვეყანა ოპეკს არანაირი შეთანხმებით არ დაუკავშირდება.

ყატარის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ორგანიზაცია გადაწყვეტილების შესახებ უკვე ინფორმირებულია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყატარი ბუნებრივი აირის მოპოვებაზე გეგმავს ფოკუსირებას. 2014 წლისთვის ქვეყანა ბუნებრივი აირის მოპოვების მოცულობას 77 მილიონი ტონიდან 110 მილიონ ტონამდე გაზრდის.

ყატარი მსოფლიოში გათხევადებული აირის უმსხვილესი ექსპორტიორია, ნავთობის მოპოვების მხრივ კი ოპეკის წევრებს შორის მე-11 ადგილს იკავებს.

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, ოქტომბერში ქვეყანაში ყოველდღიურად 610 ათას ბარელ ნავთობს მოიპოვებდნენ.

2017 წლის ივნისში ყატარს რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობები დაეძაბა. ქვეყანა ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ეგვიპტემ და ბაჰრეინმა. დოჰაში ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს.

1tv.ge