სამართალი
ზურაბიშვილი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას არ აპირებს

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უწოდა უცხოელი, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწოდებებით გამოდის.

სალომე ზურაბიშვილმა 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 59,52%-ით გაიმარჯვა. მასთან ერთად იბრძოდა გრიგოლ ვაშაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი.

არის ცხადი პრობლემა მის (სააკაშვილის) განცხადებებთან დაკავშირებით, რომლითაც ის გუშინ და დღეს გამოვიდა, და პოლიციასა და სამხედროებს ვიღაცის მხარეს დადგომისკენ მოუწოდა. მან დაკარგა კავშირი ამ ქვეყანასთან. ამჟამად ის უცხოელია, რომელიც ქვეყანაში ვიარების დესტაბილიზაციის მოწოდებით გამოდის", - განაცხადა ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება არასტაბილურობა.

ოპოზიციურმა გაერთიანებამ ძალა ერთობაშია", რომელშიც შედის „ნაცმოძრაობა", უარი განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარებაზე, დააანონსა მანიფესტაცია კვირას თბილისის ცენტრში მოთხოვნით, რომ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ამასთან, ზურაბიშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა კითხვას, მიანიჭებს თუ არა ის სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას.

ეჭვი მეპარება, რადგან, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, და ეს მოქალაქეობის საკითხი არაა, ეს, პირველ რიგში, მართლმსაჯულების საკითხია", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სააკაშვილის პრეზიდენტობისას, 2004-2005 წლებში ზურაბიშვილი საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა. შემდეგ მან შექმნა თავისი პარტია და ოპოზიციაში წავიდა. 2016 წელს გახდა პარლამენტის დეპუტატი.

სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ავტომატურად დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ახალი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

ბოლო წელიწადში სააკაშვილს სასამართლომ ორი განაჩენი გამოუტანა - 5 იანვარს სააკაშვილს დაუსწრებლად შეეფარდა სამწლიანი პატიმრობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო. სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებით შეასრულა ადრე მათთვის მიცემული პირობა და ამით დაარღვია გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლებები და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

ამა წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ - 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ცნო დამნაშავედ და მას დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით განიხილავს კიდევ ორ საქმეს - 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას.

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე გამოვიდა და მოსახლეობას „მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენ“ მოუწოდა, პოლიციელებს, სამხედროებსა და ჩინოვნიკებს კი – ხალხის მხარეს დადგომისკენ. მან პირობა დადო, რომ საქართველოში დაბრუნდება.