პუბლიკაციები
საქართველოს ახალი პრეზიდენტის უფლებები და მოვალეობები

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველომ მეხუთე პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი აირჩია, რომელსაც დიპლომატიურ სფეროში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.

საპრეზიდენტო ორთაბრძოლაში გამარჯვებული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა. ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე ასევე გამოცდილი დიპლომატი გრიგოლ ვაშაძე იყო. ზურაბიშვილმა ხმების 59,52%, ვაშაძემ კი 40,48% მიიღო.

ზურაბიშვილს, რომელსაც საფრანგეთისა და საქართველოს საგარეო უწყებებში მუშაობის 30–წლიანი გამოცდილება აქვს, მხარს უჭერს მმართველი პარტია ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“, იგი არჩევნებში მონაწილეობდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა, მას მხარს აქტიურად უჭერდა „ქართული ოცნება“.

ვაშაძე, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვიდი, ხოლო საქართველოს საგარეო უწყებაში სამი წელი მუშაობდა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეა. იგი პრეზიდენტობის კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ ძალა ერთობაშია დაასახელა.

სახელმწიფოს მეთაური

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი იქნება სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, უმაღლესი მთავარსარდალი და საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წარმდგენი.

მომავალი პრეზიდენტი იქნება სიმბოლური, წარმომადგენლობითი ფიგურა.

მთავრობის გარეშე არსად

საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისა და სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის მთავრობის თანხმობა დასჭირდება.

მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი ვერ შეძლებს შეთანხმებების გაფორმებას, სხვადასხვა ქვეყნების ელჩებისა და ორგანიზაციების, ასევე აკრედიტებული დიპლომატების მიღებას.

პრეზიდენტს შეუძლია თანამდებობაზე დანიშნოს ან გაათავისუფლოს საქართველოს დიპმისიის ხელმძღვანელები და ელჩები მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ მთავრობა წარადგენს.

პარლამენტის ან ადგილობრივი არჩევნების დანიშვნისთვის ხელისუფლებას პრეზიდენტის ხელმოწერა დასჭირდება.

პრეზიდენტს მთავრობის წარდგენით შეუძლია დანიშნოს ან გაათავისუფლოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური.

მას ასევე შეეძლება პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატები.

მთავრობის წარდგენითა და პარლამენტის თანხმობით პრეზიდენტს შეეძლება დაითხოვოს ტერიტორიული ორგანოები, თუ მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას.

ერთპიროვნული უფლება

სახელმწიფო მეთაურს ერთპიროვნულად შეეძლება, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება მოქალაქეობის მინიჭებას, მსჯავრდებულთა შეწყალებას, სახელმწიფო პრემიებისა და ჯილდოების, უმაღლესი სამხედრო, სპეციალური და საპატიო წოდების, ასევე უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების.

პრეზიდენტს სახელმწიფოს სახელით შეეძლება, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან გააფორმოს საკონსტიტუციო შეთანხმება.

პრეზიდენტს ექნება უფლება, დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრი და მონაწილეობა მიიღოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნაში.

პრეზიდენტს უფლება ექნება, წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგეს.

პრეზიდენტი და პარლამენტი

პრეზიდენტს მოუწევს, ხელი მოაწეროს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ან გამოიყენოს ვეტოს უფლება. ამ შემთხვევაში დეპუტატებს მოუწევთ, კიდევ ერთხელ განიხილონ ადრე მიღებული კანონპროექტი და პრეზიდენტის შენიშვნები. თუ პრეზიდენტის შენიშვნები არ იქნება გათვალისწინებული და იგი მეორედაც არ მოაწერს კანონპროექტს ხელს, ამას პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს.

პრეზიდენტის პრეროგატივაა, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა დანიშნოს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრების (არანაკლებ¼), ან მთავრობის   მოთხოვნით მოიწვიოს რიგგარეშე სესია და მიმდინარე სესიის დროს რიგგარეშე სხდომა.

პრეზიდენტის მიერ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია, საგანგებო სესია მოიწვიოს.

თუ საკანონმდებლო ორგანო მთავრობის გადადგომიდან ორი კვირის განმავლობაში მის ახალ შემადგენლობას არ დაამტკიცებს, პრეზიდენტმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

სასამართლოებთან ურთიერთობა

პრეზიდენტს უფლება ექნება, საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრიდან სამი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 წევრიდან ერთი დანიშნოს.

პრეზიდენტი პრემიერ–მინისტრის კონტრასიგნაციით შეძლებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს სარჩელით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ხელისუფლების ორგანოების უფლებები და მოვალეობები, კონსტიტუციური შეთანხმება, პარტიების მოღვაწეობა, რეფერენდუმი და ა.შ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევა და პარლამენტისთვის წარდგენა სწორედ პრეზიდენტის პრეროგატივაა. ამასთან, მას შეეძლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა ან გათავისუფლება.

საგანგებო და საომარი მდგომარეობა

საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან უშუალო საფრთხის შემთხვევაში, სახელმწიფოს მეთაურმა პრემიერ–მინისტრის წარდგენით უნდა გამოაცხადოს საომარი ან საგანგებო მდგომარეობა.

ამასთან, საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე ან ქვეყნის კონკრეტულ ნაწილში.

სწორედ პრეზიდენტს ევალება საგანგებო ვითარების დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, პრემიერ–მინისტრის წარდგენით და პარლამენტის თანხმობით.

ამავე პრინციპით პრეზიდენტი გადაწყვეტს თავდაცვის ძალების სამშვიდობო მისიებში ჩართვის საკითხს და ასევე საქართველოში სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემოყვანის საკითხს – მათ გამოყენებას ან გადაადგილებას.

პრეზიდენტი იქნება ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს იქმნება. საბჭოს შემადგენლობაში უნდა შევიდნენ პრემიერ–მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მეთაური. თუმცა, პრეზიდენტს უფლება ექნება, საბჭოში დამატებით მოიწვიოს პარლამენტის ან მთავრობის ცალკეული წევრები.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი

საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუხებელია. არ შეიძლება სახელმწიფო მეთაურის დაკავება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცება.

მისი თანამდებობიდან გადაყენება მხოლოდ იმპიჩმენტის გზით იქნება შესაძლებელი.

იმპიჩმენტის საბაბად შეიძლება იქცეს ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის დარღვევა, ან მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნების სიმრავლე.

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება პარლამენტს დეპუტატების არანაკლებ 1/3–ის თანხმობის შემთხვევაში შეეძლება.

შემდეგ, პროცედურების თანახმად, საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაეცეს, რომელსაც ერთი თვე ექნება საქმის განხილვისა და დასკვნის მოსამზადებლად. პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში საკითხი ორი კვირის განმავლობაში უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის აუცილებელია დეპუტატების 2/3–ის თანხმობა.

თუმცა, არის შეზღუდვა. ქვეყანაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება აკრძალულია.

თუ პრეზიდენტი საკუთარ უფლებამოსილებებზე უარს ვადაზე ადრე იტყვის, მაშინ მის მოვალეობებს პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს.