აქტუალური
ნიკო ფიროსმანის „ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოტბის აუქციონზე 2 230 000 გირვანქად გაიყიდა

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ნიკო ფიროსმანის ნამუშევარი ქართველი ქალი ლეჩაქით სოტბის აუქციონზე 2 230 000 გირვანქად გაიყიდა. ეს აუქციონებზე გაყიდული ფიროსმანის ნამუშევრების ყველაზე მაღალი ფასია.

ნახატის საწყისი ფასი 500 000-700 000 გირვანქა სტერლინგი იყო. სოტბის აუქციონის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ნახატი ცნობილი ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის კოლექციიდანაა. ნამუშევარი მან 1928 წელს, მოსკოვში მოგზაურობის დროს შეიძინა. ნამუშევარი ისევ რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი, თუმცა მითითებული იყო, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარია. სოტბის აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატი რუსული მხატვრობის სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ სოტბის ცალკე ქართული სექცია არ აქვს.