საზოგადოება
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ჯამში 66 300-ზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ჯამში 66 300-ზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურისთვის საარჩევნო სუბიექტების 17 ათასამდე წარმომადგენელი, 48 ათასზე მეტი ადგილობრივი და 1 300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი დაარეგისტრირა.

საარჩევნო პროცესს კი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი 2 300-მდე ჟურნალისტი აშუქებს.

ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს, უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს სამი დამკვირვებელი, მედია ორგანიზაციებს სამი წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს – ერთი წარმომადგენელი.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.

ჯასტინ მაკკენზი სმიტი - არჩევნები ძალიან მშვიდობიანად მიმდინარეობს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ძალიან მშვიდობიანად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მარნეულში განაცხადა.

ჯასტინ მაკკენზი სმიტი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი და საქართველოში ნიდერლანდების ელჩი იოჰანეს დაუმა საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით მარნეულში იმყოფებიან.

„მე და ჩემი კოლეგები დიდი ინტერესით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოში. მოხარული ვართ მარნეულში ყოფნით. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე.

მე და ჩემი კოლეგები ვფიქრობთ, რომ ამ საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია, ქვეყანა გაერთიანდეს ეროვნული ინტერესების გარშემო. ახლა არჩევნები ძალიან მშვიდობიანად მიმდინარეობს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.