საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის ამოქმედება მოჰყვება.
11 თავისა და 78 მუხლისგან შემდგარი კონსტიტუცია ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების სტანდარტებს ადგენს, მეორე მხრივ კი, სახელისუფლო შტოებს შორის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს.
პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ საქართველო არის სოციალურ-სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.
კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა და აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულია ქორწინების დეფინიციაც და ნათქვამია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.
ქორწინების მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებები შევიდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.
კონსტიტუციური ცვლილებების ფარგლებში შეიცვალა 94-ე მუხლიც, რომელიც გარდამავალი დებულების სახით ჩამოყალიბდა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში, აქციზის გარდა, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება ან გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კონსტიტუციით განსაზღვრულია პოლიტიკური საკითხებიც, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის წესი, პარლამენტის დაკომპლექტების საკითხი და ქვეყნის საგარეო მიმართულება. კერძოდ, კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლისთვის შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული სისტემა, თუმცა პოლიტიკურ პარტიებს ერთჯერადად საშუალება ექნებათ, საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკებად გაერთიანდნენ. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადავა.
კონსტიტუციაში ცვლილება განიცადა პარლამენტის ადგილმდებარეობამაც. თავდაპირველად, მმართველმა გუნდმა კონსტიტუციურ პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელად აღარ მიუთითა ქუთაისი, მოგვიანებით კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის იანვრიდან საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში სრულად დაბრუნდეს.
პარლამენტის ადგილმდებარეობის მსგავსად, შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესიც. ახალი კონსტიტუციით, 2023 წლიდან საქართველოში პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი წესით მოხდება, თუმცა მანამდე, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით (ერთჯერადად) აირჩევს.
ახალი კონსტიტუციით გაუქმდა უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად, საომარი მდგომარეობის დროს, სათათბირო ორგანო – ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნა განისაზღვრა, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრეზიდენტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კონსტიტუციაში საუბარია ქვეყნის ევროპულ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და ნათქვამია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
პარლამენტმა ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებები 2017 წლის 26 სექტემბერს დაამტკიცა, რომელსაც მოგვიანებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და უწყებას მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა. მმართველმა გუნდმა შენიშვნები არ გაიზიარა, 110 მომხრე ხმით 8-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია და საბოლოო ჯამში, კონსტიტუციური პროექტი 117 მომხრე ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის 72 -ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დებს არჩევიდან მესამე კვირა დღეს. არჩევის დღე კი კენჭისყრის დღეა.
რადგან არჩევნების მეორე ტური შუა კვირაში, 28 ნოემბერს იმართება, პირველივე კვირა, 2 დეკემბერი ათვლის წერტილი იქნება, კონსტიტუციით განსაზღვრული მესამე კვირა კი, 16 დეკემბერს მოუწევს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობენ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.