პოლიტიკა
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.

საზღვრებს გარეთ გახსნილი უბნების რაოდენობა 55-ს შეადგენს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის, ამომრჩევლები ხმას იმავე საარჩევნო უბანზე აძლევენ, რომელიც მათთვის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის გახსნა და, სადაც ამომრჩევლებმა ერთხელ უკვე მისცეს ხმა.

28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 528 658.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს. მოქალაქეებს საარჩევნო ბიულეტენში პირველი ტურის ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების სახელი და გვარი დახვდება – #5 გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და #48 სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევს.

პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში 50%-იანი ბარიერი აღარ არსებობს და ერთი ხმაც გადამწყვეტია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს.

28 ნოემბერი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში უქმე დღეა.