საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი პარლამენტარის გივი თარგამაძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში განცხადება შევიდა. ამის შესახებ „მედიაპრესს“ პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ აცნობა.
„მოგეხსენებათ, ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე წლის წინ რუსულ პრესას ინტერვიუ მისცა, სადაც ჰყვება, რომ აგვისტოს ომის დღეებში მისივე ინიციატივით, გივი თარგამაძე გორის ერთ-ერთ რესტორანში რუს გენერლებს დიდძალ ფულს სთავაზობდა, რათა მათ სტალინის ძეგლი დაებომბათ ან აეფეთქებინათ. მერაბიშვილის ამ ცინიკური განცხადების სისწორეს ასევე პრესაში ადასტურებენ პეტრე ცისკარიშვილი და ლაშა თორდია. ამდენი ხანი გავიდა და არავის უცდია ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება. იურიდიულად ეს არის დანაშაულის ჩადენის მცდელობა, ჩემი და ჩემი მეგობრის, ადვოკატ ლაშა გოლუბიანის აზრით – ტერორისტული აქტის მცდელობა. ეს კიდევ უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე ბადრი პატარკაციშვილის დაგეგმილი და არ განხორციელებული მკვლელობა, რომელიც ახლახანს იქნა გამოძიებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ამიტომ, მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ და ასევე ჩემმა მეგობარმა, საქართველოს მოქალაქე ლაშა გოლუბიანმა, ოფიციალური განცხადება შევიტანეთ პროკურატურაში, მთავარი პროკურორის, ბატონი თადუმაძის სახელზე, რომ გამოძიებულ იქნას ამ არშემდგარი ტერორისტული აქტის გარემოებები. როგორც თავად მერაბიშვილი და სხვა “ნაციონალები” ამტკიცებენ, რუსმა სამხედროებმა ასეთი დანაშაულის ჩადენა იუარეს და ფული არ აიღეს, მაგრამ ფაქტად რჩება მერაბიშვილის და თარგამაძის მცდელობა, საომარ ვითარებაში მოწინააღმდეგე ჯართან გარიგებაზე წასვლა, საქართველოს საზიანოდ. ყველას გვახსოვს, ქუთაისში ჩადენილი ბარბაროსული აქტი, როდესაც მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტი ააფეთქეს “ნაციონალებმა” და ამას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა გორში, რუსებს რომ სტალინის ძეგლი დაებომბათ“ – ამბობს გულბაათ რცხილაძე.