საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. Edison research საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ბოლო წინასაარჩევნო კვლევას აქვეყნებს. კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დაუკვეთა.
სრული ალოკაციის გათვალისწინებით შედეგები ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე - 52%;
სალომე ზურაბიშვილი - 48%.
Edison research-მა 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე 2038 მოქალაქე გამოჰკითხა და მათ პირისპირი გამოკითხვის გზით დაუსვა შეკითხვები.
კითხვაზე - ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს? პასუხები ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე: 37%
სალომე ზურაბიშვილი - 35 %
გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი ან უარს ამბობს პასუხზე, ან ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ან ამბობს, რომ არცერთს არ აძლევს ხმას.
Edison research -ის წარმომადგენლები მოქალაქეებს დამატებით კითხვებსაც უსვამენ - მათი სოციალური, ოჯახური, ფინანსური მდგომარეობის შესახებ და ა.შ.
ამ დამატებითი კითხვების და პასუხების საფუძველზე ანალიტიკოსები ხვდებიან, პოტენციურად ვისი ამომრჩეველია ესა თუ ის პირი. ანუ, როდესაც რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას, რასაც ალოკაცია ჰქვია.
ალოკაციის გათვალისწინებით, მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
გრიგოლ ვაშაძე - 45%;
სალომე ზურაბიშვილი - 42%.
დარჩენილი პროცენტები ისეთ რესპონდენტებს მიაქვთ, რომლებსაც ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული ან საერთოდ უარს ამბობენ პასუხებზე.
მაგრამ თუ შედეგებს ჩამოვაცილებთ ამ გადაუწყვეტელ და უარის მთქმელ პასუხებს, მაშინ მაჩვენებლები ასეთი იქნება:
გრიგოლ ვაშაძე - 52%;
სალომე ზურაბიშვილი - 48%.
გარდა ამისა, რესპონდენტების 7%, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ ფავორიტ კანდიდატს, ძალიან პოზიტიურად ახასიათებენ გრიგოლ ვაშაძეს. 38% გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ნაწილობრივ დადებითად ახასიათებს. სალომე ზურაბიშვილს ძალიან დადებით შეფასებას აძლევს 4%, ხოლო ნაწილობრივ პოზიტიურ შეფასებას 32%.
რესპონდენტების 31%-ს გრიგოლ ვაშაძეზე ნაწილობრივ უარყოფითი წარმოდგენა აქვს, ხოლო 24%-ს ძალიან უარყოფითი. გამოკითხულთა 34%-ს აქვს მეტ-ნაკლებად უარყოფითი შეხედულება სალომე ზურაბიშვილზე, ხოლო კიდევ 30%-ს მკაფიოდ ნეგატიური.
შესაძლო ცდომილება +/–2%, 95%-იანი სანდოობის დონისათვის.