სამართალი
ზურაბიშვილისადმი სიძულვილის ენის გამოყენების გამო გვარამიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობის არა ნაციზმს" წევრებმა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძის განცხადებით, ლაპარაკია გვარამიას გამოთქმებზე, რომლებიც მან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გააკეთა როგორც საკუთარი ტელეკომპანიის ეთერით, ისე საკუთარ Facebook-გვერდზე. ერთ-ერთ პოსტში გვარამიამ დაწერა, რომ საჭიროა ყველა იმ ადამიანის დამახსოვრება და მაქსიმალურად შევიწროება, ვინც მხარს უჭერს, აფინანსებს ან ეხმარება ზურაბიშვილს.

დიახ, ჩვენ გვარამიას წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ, რომელსაც დავარქვითხალხი გვარამიას წინააღმდეგ". სარჩელში საუბარია ხალხის პატივისა და ღირსების შეურაცხყოფაზე, ასევე იმ ბოლშევიკურ წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომელიც გვარამიამ და მისმა ტელევიზიამ დაიწყო ქალის, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ. მან ის ხალხი, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, ქვეყნის მტრებად და გამყიდველებად მოიხსენია", – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

მისი განმარტებით, მათ სარჩელს 12 ათასზე მეტი პირის ხელმოწერა დაურთეს, რომლებიც გვარამიას გამონათქვამებით შეურაცხყოფილი დარჩნენ და ისინი სასამართლოსგან მოითხოვენ, რომ მან ტელევიზიის გენდირექტორს თითოეული მათგანისთვის კომპენსაციის სახით 1 ლარის გადახდა დააკისროს.

გარდა ამისა, ისინი გვარამიასგან საჯარო ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „არა ნაციზმს" ნოემბერში დაფუძნდა. მოძრაობის დაფუძნების მიზანი ზურაბიშვილისა და მისი მომხრეების მისამართით გვარამიას გამონათქვამებისთვის წინააღმდეგობის გაწევა იყო. მოძრაობა რამდენიმე ათას ადამიანს აერთიანებს, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ 2003-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მათი უფლებები დაირღვა.

საქართველოში 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს მმართველი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო, ვაშაძემ – 37,74%.