სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხისმგებლობას იღებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური მშვიდობიანად ჩატარდება

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ და დემოკრატიულ გარემოში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები ცხადყოფს, რომ არჩევნების პირველი ტურში ძალადობის ერთმნიშვნელოვანი კლება იყო.

რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, მე მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველი ტურის შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები წაიკითხონ. ყველგან, ფაქტობრივად, მითითებულია, რომ ეს იყო არჩევნები, სადაც ძალადობის ერთმნიშვნელოვანი კლება იყო. რატომ ვამბობ ამას - შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ და დემოკრატიულ გარემოში.

მოგეხსენებათ, რომ ყველა იმ ფაქტზე, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, მე არ შევალ დეტალებში და არ განვმარტავ, მათ შორის, დიდი ნაწილი არ იყო პოლიტიკური ხასიათის მატარებელი. თუმცა, ახლა ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება ყველაფერს, ასე ვთქვათ, მივაკრათ პოლიტიკური ნიშანი, თუმცა გამოძიება ყველაფერს დაადგენს. რაც მთავარია, 21 პირის დევნაა დაწყებული ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა მომხდარ ფაქტზე აღძრულია საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. საერთოდ ვერ ვხედავ აქ გარკვეულ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ კონტექსტს უმრავლეს შემთხვევაში, თუმცა, არის შემთხვევები, სადაც პოლიტიკური კონტექსტი არსებობდა და სწორედ ამიტომ დევნა დაიწყო 21 ადამიანის წინააღმდეგ, როგორც ოპოზიციური პარტიის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ვგულისხმობ“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, იღებს პასუხისმგებლობას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, არჩევნები მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩატარდება.

პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით წყნარ და მშვიდ გარემოში ჩატარდება. ეს ერთი, მეორემე კიდევ უფრო ხშირად ვიქნები აქ სამეგრელოში. რაც შეეხება, უკავშირდება თუ არა წინასაარჩევნოდ, ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, უკავშირდება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეგიონი, ეს არის რეგიონი ყველაზე ახლოს საოკუპაციო ხაზთან და მშვიდ და წყნარ გარემოში არჩევნების ჩატარებას ზუგდიდში და სამეგრელოში აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ჩვენთვის. არც ერთ შეხვედრაზე, ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ ჩვენი საუბრის თემა ყოფილიყოს საარჩევნო კონტექსტი, არასოდეს ასე არ ყოფილა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ზუგდიდის, სამეგრელოს მიმდინარე პრობლემებზე და ეს საუბრები მე და ჩვენს გუნდს დაწყებული გვაქვს დაახლოებით 2-3 თვის წინ, როდესაც ახალი გუბერნატორები დაინიშნენ, როდესაც მოხდა გარკვეული ცვლილებები ადმინისტრაციებში. ეს ყოველდღიური ცხოვრებაა ადამიანების და აქ არანაირი წინასაარჩევნო კონტექსტი არ არსებობს. ხან თხილზე ვსაუბრობთ, ხან სპორტზე, ხან ჯანსაღ ცხოვრებაზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება დღეს სამწუხაროდ გამსჭვალულია წინასაარჩევნო კონტექსტით, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. ჩვენ არჩევნებიდან არჩევნებამდე არ უნდა ვცხოვრობდეთ და უნდა გვქონდეს დიდი, ნათელი მიზნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.