საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოველდღიურად შოკში აგდებს ქართველ ამომრჩევლებს არჩევნების გაყალბების ახალ-ახალი ეშმაკური სქემებით, რომლებითაც, ვითომდა, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ (ქო) 28 ნოემბერს, ანუ ხვალ თავისი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად გაყვანა სურს.
საქინფორმი ადასტურებს - ეს სულაც არ არის სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) აქტივისტების ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი, რომელმაც თავის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წამოაყენა. ასეთი სქემები მართლაც არსებობს, მაგრამ მათ ოსტატურად ფლობს საქართველოს ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი (ენმ). აგრეთვე სააკაშვილის მთელი გუნდი, რომელმაც „ოტპორის“ („კმარას“) ბანაკები, სოროსის ფონდის და თავისუფლების ინსტიტუტის ტრენინგები გაიარა. და, რაღა თქმა უნდა, ამ სქემებს ბრწყინვალედ იყენებენ პოლიტტექნოლოგები რუსეთიდან - ისინიც, ვინც განსვენებულმა პრემიერმა ჟვანიამ შევარდნაძის პარტია „მოქალაქეთა კავშირისთვის“ დაიქირავა, და ესენიც, შკლიაროვის ხელმძღვანელობით, რომლებიც დღეს მიხეილ სააკაშვილმა თავისი კანდიდატის გრიშა ვაშაძისთვის დაიქირავა.
ხოლო განახორციელებს მათ ენმ-ის მიერ მომზადებული დესანტი 20 ათასი „დამკვირვებლისგან“, რომლის შესახებ გუშინ ბრიფინგზე ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა - მისმა მოგვარე გიორგიმ განაცხადა.
„გვექნება ძალიან ბევრი ახალტექნოლოგიური მექანიზმი, რომლითაც ადგილზევე გამოვავლენთ და აღმოვფხვრით გაყალბების თითოეულ ფაქტს. 20 ათასი ადამიანი იქნება საარჩევნო უბნებზე მობილიზებული, რომლებსაც აქვთ გავლილი უმაღლესი სტანდარტების ტრენინგი“, - განაცხადა, კერძოდ, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ.