აქტუალური
ვახტანგ გომელაური ტერორიზმის საქმეზე - ძალიან მინდა, ბევრი დეტალი მოვყვე და ხალხს ვაჩვენო, რა იგეგმებოდა. დრო მოვა და ყველაფერს ფარდა აეხდება!

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ძალიან მინდა, ბევრი დეტალი მოვყვე და ხალხს ვაჩვენო, რა იგეგმებოდა. დრო მოვა, ყველაფერს ფარდა აეხდება, - „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა გასულ წელს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა მას თემირლან მაჩალიკაშვილის შესახებ დაუსვეს შეკითხვა, თუ რატომ ვერ აღმოაჩინეს ხელყუმბარაზე მისი თითის ანაბეჭდები. როგორც გომელაურმა განმარტა, თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებლიდან ამოღებული ხელყუმბარიდან აღებული ანაბეჭდები არ აღმოჩნდა ვარგისიანი დასადარებლად.

რაც შეეხება ბრალდებებს, რომ ოთახში ხელყუმბარა სამართალდამცველებმა შეიტანეს, გომელაურმა განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

სუს-ის უფროსის თქმით, ბევრ რამეს აეხდება ფარდა, რაც გასულ წელს ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ჩატარებას და მასთან დაკავშირებულ საქმეებს ეხება. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ბევრი დეტალია, რაზეც მას ახლა ლაპარაკის უფლება არ აქვს.

"ამაზე ექსპერტიზა გაგცემთ უფრო დეტალურ პასუხს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ხდება ისეთი თითის ანაბეჭდის აღება, რომელიც არ არის ვარგისიანი, რომ დადარება მოხდეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ხელყუმბარიდან აღებული ანაბეჭდები არ აღმოჩნდა ვარგისიანი დასადარებლად.

როგორ ფიქრობთ თქვენ, ვიტყვით ჩვენ, რომ ხელყუმბარა ჩვენ შევიტანეთ? რა თქმა უნდა, ჰქონდათ ყუმბარა, თუმცა იძიებს პროკურატურა და მე არ შემიძლია ბევრ რაღაცაზე ღიად საუბარი, თუმცა ძალიან მინდა, ბევრი დეტალი მოვყვე. დრო მოვა ალბათ, ყველაფერს ფარდა აეხდება, როცა გამოძიებაც დამთავრდება. არ ვგულისხმობ ყუმბარის შეტანა-გამოტანის თემას. ამას პროკურატურა დადებს, იყო თუ არ იყო დნმ და თითის ანაბეჭდი, თუმცა უშუალოდ რაც შეეხება დაკავებას და ბრალდებული იყო თუ არა ესა თუ ის ადამიანი, ამაზე ბევრ რამეს აეხდება ფარდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, დღესვე გამეხსნა ეს თემა და ხალხისთვის მეჩვენებინა, რა მოხდა. ამ სპეცოპერაციით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის და ერთ-ერთი ის თემაა, რომელზეც ახლა ვერ ვისაუბრებ. შემდეგ აეხდება ფარდა, თუ რას გეგმავდნენ თბილისში, ახლა ვერ ვისაუბრებ, უფლება არ მაქვს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.