უცხოეთი
პეტრო პოროშენკო და იენს სტოლტენბერგი ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის სასწრაფოდ მოწვევის შესახებ შეთანხმდნენ

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის სასწრაფოდ მოწვევის შესახებ შეთანხმდნენ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სვიატოსლავ ცეგოლკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

მისი ინფორმაციით, პოროშენკოსა და სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც უკრაინის ლიდერმა მას აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის აგრესიის უხეში აქტისა და უკრაინის საპასუხო ზომების შესახებ აცნობა.

„უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა უკრაინელი მეზღვაურებისა და გემების დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის“, – წერს ცეგოლკო.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიებში ხომალდების თავისუფალი გადაადგილების დაცვისკენ მოუწოდა.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

ამასთან, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს.

1tv.ge