პოლიტიკა
საქინფორმის საგანგებო განცხადება ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

     2018 წლის 25 ნოემბერს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების „ბერდიანსკის“, „ნიკოპოლის“ და „იანი კაპუს“ მიერ აზოვისა და შავ ზღვაში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი აცხადებს შემდეგს:

1. უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ საკუთარ ქვეყანაში ნულოვანი რეიტინგის მქონე უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 2019 წლის მარტსა და ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გზით წავიდა და რუსეთის ფედერაციის საომარი მოქმედებისაკენ პროვოცირება გადაწყვიტა, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში ვინაიდან დონბასში კიევის ხელისუფლების მიერ გაჩაღებული ომი არ წარმოადგენს ომს უშუალოდ რუსეთის ფედერაციასთან, პროვოცირებული იქნა კონფლიქტი უშუალოდ რუს სამხედროებთან - რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის და რფ-ის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებთან (როგორც 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში - რუსეთის სამშვიდობო ძალების ბატალიონთან).

კიევის ხელისუფლების მიერ შემოღებული სამხედრო მდგომარეობა საშუალებას მისცემს - უკრაინაში განუსაზღვრელი დროით გადაიდოს არჩევნები, - შემოღებული იქნეს ლიმიტები და ბარათები პროდუქტებზე და ჰუმანიტარული კატასტროფა და ეკონომიკის დანგრევა საომარ მდგომარეობას გადააბრალონ, - გამოიწვიონ დასავლეთში ანტირუსული ისტერიის მორიგი აფეთქება, რომელიც ჩაცხრა იმის გამო, რომ არ არსებობდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის და სკრიპალების მოწამვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რითაც პროვოცირებული იქნება მორიგი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

2. პროვოკაცია ქერჩის სრუტეში შემთხვევით როდი მოხდა სამი დღით ადრე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურამდე, რომლის მორიგ რევოლუციად გადაქცევითაც იმუქრება სააკაშვილი, თუკი მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე არ გაიმარჯვებს. სააკაშვილს, რომელსაც არც პასპორტი გააჩნია და არც რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ძებნილად არის გამოცხადებული მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამო (ყველა მათგანი მძიმეა და პატიმრობას ითვალისწინებს, ზოგიერთის მიმართ კი უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი) დასაკარგავი აღარაფერი აქვს. ამიტომ, როგორც სათადარიგო ვარიანტს, იგი უკრაინაში, უკრაინის ხელისუფლებაში დაბრუნებას განიხილავს. როგორც საკუთარი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-სათვის მიცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში წამოსცდა, „ჩემი პარტია ყველაზე უფრო გავლენიანია უკრაინაში და მისთვის უმაღლეს რადაში გასვლა პრობლემა არ არის“. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ქერჩის სრუტეში პროვოკაციის მოწყობა, და თანაც სწორედ ახლა - სააკაშვილის იდეა იყო, რომელიც პრეზიდენტ პოროშენკოს ვიღაცამ უკარნახა მისი გარემოცვიდან, ვისაც უშუალო ან გასაშუალებული კავშირი აქვს ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორთან.

შედეგად სააკაშვილი ყველა შემთხვევაში მოგებულია: 1 - ისევ აშინებს ქართველ ამომრჩევლებს აგრესორი და ოკუპანტი რუსეთის ფედერაციით, რომელიც, ვითომდა, „საიდუმლოდ ლობირებს“ საქართველოში გრიგოლ ვაშაძის მეტოქეს - სალომე ზურაბიშვილს; 2 - სამხედრო ავანტიურაში გაბმულმა პეტრო პოროშენკომ საკუთარ განაჩენს ხელი მოაწერა და ახლა ერთადერთი გამოსავალი აქვს - გზა პოლიტიკური სანაგვისაკენ, ხოლო მომავალში - ციხისკენ, რითაც მყისვე ისარგებლებს სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის საზღვარზე უკრაინის მომავალი პრემიერ-მინისტრი - იულია ტიმოშენკო ჩაიხუტებს! მერე კი - უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება, დასავლეთისაგან კურთხევა და ბობოქარი მოღვაწეობის ხანმოკლე პერიოდი - რეფორმები ხალხისათვის და კორუფციონერების ექსპროპრიაცია...

 

საქინფორმი
2018 წლის 27 ნოემბერი
საქართველო, თბილისი