ირაკლი სესიაშვილი წვევამდელთა ასაკის 20 წლამდე გაზრდას მოითხოვს
ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირებისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას მოითხოვს. ასოციაციის ხელმძღვანელის - ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევთა ასაკი 18-ის ნაცვლად 20 წლით უნდა განისაზღვროს. სესიაშვილის თქმით, შესაბამისი ცვლილება სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში უნდა ჩაიწეროს.
„ახალგაზრდები სკოლას ამთავრებენ 18 წლის ასაკში და მაშინვე ხდებიან სამხედრო ვალდებულნი, ეს წესი კი ეწინააღმდეგება მათ უფლებას - მიიღონ განათლება. უმართებულოა, როდესაც სამხედრო სამსახურში იწვევენ 18 ან 19 წლის აბიტურიენტებს. ამ დროს ისინი, როგორც წესი, უმაღლესი განათლების მისაღებად ემზადებიან. ერთწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, ფაქტობრივად, ხელახლა უწევთ, მოემზადონ იმ ძირითად საგნებში, რომელთა ჩაბარებაც უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად აუცილებელია,“ - ამბობს ირაკლი სესიაშვილი. ამ საკითხზე დღეს ასოციაცია „სამართალი და თავისუფლების“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.