პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს - Gallup International

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე - ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - ხმები ალოკაციის შედეგად ასე განაწილდა: სალომე ზურაბიშვილი - 52%, გრიგოლ ვაშაძე - 48%.

ხოლო შეწონვისა და ალოკაციის გარეშე ხმების გადანაწილება შემდეგნაირია: სალომე ზურაბიშვილი - 28%, გრიგოლ ვაშაძე - 26%; არ გადამიწყვეტია/არ ვიცი - 37%, არცერთს არ მივცემ ხმას/არ მივიღებ მონაწილეობას - 9%.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევა Gallup International-მა ჩაატარა, საველე სამუშაოები კი - კომპანია „ეი-სი-თიმ“.

შეწონვის და ალოკაციის მეთოდოლოგია ნიშნავს შემდეგს: მონაცემთა შეწონვა ხდება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს შერჩევის წარმომადგენლობითობა მთელი საქართველოს მასშტაბით - სქესის, ასაკის და რეგიონის მიხედვით. ალოკაციისას გათვალისწინებული იქნა პირველი ტურის შედეგები.

კვლევა 16-დან 18 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. მონაწილეობდა 2400 საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილება არის 2%.