აქტუალური
აფხაზებთან და ოსებთან ღიად საუბარს გავაგრძელებთ არა მარტო მოსკოვში, არამედ ბრიუსელში, სტრასბურგში და უშუალოდ სოხუმშიც! - ირმა ინაშვილი

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. აფხაზებთან და ოსებთან ღიად საუბარს გავაგრძელებთ არა მარტო მოსკოვში, არამედ ბრიუსელში, სტრასბურგში და უშუალოდ სოხუმშიც, – ასე უპასუხა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა შეკითხვას, რომელიც პარტიის წევრების გიორგი ლომიასა და ადა მარშანიას მოსკოვში ვიზიტს ეხებოდა.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის გასამთლიანებლად აფხაზებსა და ცხინვალის წარმომადგენლებს პირდაპირ უნდა ესაუბრონ და სააკაშვილის მიერ დაზიანებული საქმე გამოასწორონ.

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ამისათვის დიახ, პირდაპირ უნდა ვესაუბროთ აფხაზებსა და ცხინვალის წარმომადგენლებს. უნდა გამოვასწოროთ საქმე, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა დააზიანა, ვგულისხმობ მოწინააღმდეგისთვის ქართული მიწების ჩაბარებას.

ქვეყნის გაერთიანება თუ გვინდა, ეს პირდაპირი დიალოგის გარეშე არ გამოვა, სწორედ ამიტომ, ღიად ვსაუბრობთ აფხაზებთან და ოსებთან და გავაგრძელებთ ამ საუბარს არა მარტო მოსკოვში, არამედ ბრიუსელსა და სტრასბურგში, ასევე სოხუმშიც. მზად ვარ, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, აფხაზეთში ჩავიდე”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში ვიზიტზე, ირმა ინაშვილმა უპასუხა, რომ ზურაბიშვილთან კომუნიკაცია არ აქვს.

მე არ მაქვს კონტაქტი სალომე ზურაბიშვილთან. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეზი, ამოცანები და ეს არავითარ კავშირში არ არის ზურაბიშვილთან“, – აღნიშნა ინაშვილმა.