საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. პოლიტიკური შეკითხვები პოლიტიკოსებს უნდა დაუსვან და არა ხელოვან ადამიანებს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ცნობილმა ქართველმა ჯაზ-შემსრულებელმა მაია ბარათაშვილმა.
ქართველმა მესაზღვრეებმა ოთხშაბათს ქვეყანაში არ შემოუშვეს რუსული კინოს ფესტივალის „პაემანი – კინორომანი" სამი მონაწილე – რუსი რეჟისორი, საბავშვო ჟურნალ „ერალაშის" სამხატვრო ხელმძღვანელი ბორის გრაჩევსკი, მისი მეუღლე ვერონიკა ბელოცერკოვსკაია და ფესტივალის გენერალური პროდიუსერი ვლადიმირ პიროჟოკი. „Sputnik-საქართველოს" პრესცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტები ფესტივალის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მხოლოდ პოლიტიკურ კითხვებს უსვამდნენ და არა კითხვებს კინოფესტივალის შესახებ.
„ამით არაფერს მოვიგებთ. პოლიტიკური კითხვები უნდა დაუსვან პოლიტიკოსებს და ამ კითხვებს, შესაბამისად, პოლიტიკოსებმა უნდა უპასუხონ და არა ხელოვანმა ხალხმა. ეს ძალზე არაკორექტული იყო. საერთოდ არ ვეთანხმები იმას, რომ, რბილად რომ ვთქვათ, უბრალო ადამიანებმა ერთმანეთში აურიონ პოლიტიკა და ხელოვნება. ხელოვნება ხიდია, რომელიც უბრალო ადამიანების გულებს აერთიანებს", – განაცხადა მაია ბარათაშვილმა.
მომღერლის თქმით, მისთვის ცალკე არსებობს პოლიტიკა და ცალკე - უბრალო ადამიანები, რომლებსაც სურთ ურთიერთობები, ხოლო ხელოვნება ამას უნდა ემსახურებოდეს.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა", – აღნიშნა მომღერალმა.
რუსული კინოს ფესტივალი „პაემანი – კინორომანი" თბილისში 21–23 ნოემბერს იმართება. ღონისძიების მიზანია რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება დსთ-ის ქვეყნებსა და საქართველოში, ისტორიულად ახლობელი ხალხების კულტურული კავშირების განმტკიცება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კინოპრემიერები, გამოფენები, შემოქმედებითი შეხვედრები ქართველ და რუს კინემატოგრაფისტებთან. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო" ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია.