საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრაზე, რომელიც სოჭში გაიმართა, განაცხადა, რომ აუცილებელია აფხაზეთის ეკონომიკის განვითარება. პუტინის თქმით, ის მოხარულია ხაჯიმბასთან შეხვედრით, რათა არაფორმალურ ვითარებაში ითათბიროს საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარებისთვის, იტყობინება ITAR-TASS.
„მაშინაც (პუტინის და ხაჯიმბას ყოფილ შეხვედრაზე, რომელიც კრემლში გაიმართა) ვამბობდით, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეკონომიკის განვითარებას ბიძგი მივცეთ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. „მართალია, იქ მუშაობენ ჩვენი საწარმოები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი“, - აღნიშნა მან.
პუტინმა აღნიშნა მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობა.
თავის მხრივ, ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრების ტრადიციული ხასიათის მიუხედავად, მაინც რჩება საკითხები, რომლების განხილვაც საჭიროა. „ამ ხნის განმავლობაში საინვესტიციო პროგრამის ხაზით მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, არის წარმატებები“, - თქვა მან.
რაულ ხაჯიმბამ ასევე ილაპარაკა იმაზე, რომ აგრარულ სექტორში უკვე არის დასრულებული ერთობლივი პროექტები. ხაჯიმბამ რუსეთის ლიდერს თავდაცვით-საკოორდინაციო ცენტრის მიმართულებით მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.