საზოგადოება
სამგზავრო ვაუჩერების მოლოდინში

marshrutkaსატრანსპორტო პროფკავშირების ინფორმაციით, ახალი გადამზიდავები, რომლებიც მერიასთან ოფიციალურ ხელშეკრულებას პირველი მარტიდან გააფორმებენ, მგზავრობის გაძვირებას გეგმავენ. მიზეზად კი საწვავის ფასის გაზრდა და მძღოლების მიერ შესასრულებელი გეგმა სახელდება. მარტიდან მიკროავტობუსებით მგზავრობა 70 თეთრი გახდება, ხოლო ქვეყანაში ახალი მიკროავტობუსების შემოსვლის შემდეგ ეს ფასი 1 ლარამდე გაიზრდება.

საქართველოში ჯერ კომუნალური გადასახადების ტარიფებმა აიწია, რაც წყლისა და დასუფთავების გადასახადის გაორმაგებით დასრულდა. ამას სასურსათო პროდუქტებსა და საწვავზე ფასების ზრდაც მოჰყვა.

ფასების ზრდის კვალდაკვალ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიოში ფასების ზრდის ტენდენციით ახსნა, რასაც უცხოურ პრესაში ნამდვილად ვერ მიაგნებთ, ხელისუფლებამ მოსახლეობას თავდაპირველად 20–ლარიანი ენერგოვაუჩერები დაურიგა. მოსახლეობა დღე–დღეზე ელოდება 30–ლარიან სასურსათო ვაუჩერსაც.

ამერიკელი ექსპერტების ცნობილი რეიტინგისა და ბოლოდროინდელი რევოლუციებით გამოწვეული შიშით, ხელისუფლება ამჯერად, ალბათ, სამგზავრო ვაუჩერებსაც დაარიგებს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შიშის გამო ქუვეითის ხელისუფლებამ ერთ სულ მოსახლეს დაახლოებით 10 ათასი დოლარი აჩუქა. საქართველოს კი მსგავსი ფუფუნების საშუალება არ აქვს, ამიტომ 20–30 ლარით „ინფლაციის“ შეჩერება მოგვიწევს, მიუხედავად იმისა, საკმარისია ეს თანხა ამისთვის თუ არა.

ქუვეითში სოციალური აფეთქების წინაპირობები იმდენად არ არის, რამდენადაც საქართველოში, რაზეც, როგორც საზოგადოების, ასევე ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, მათ შორის რევოლუციების კატეგორიული წინააღმდეგი „ხელისუფლების სატელიტებიც“, უკვე დიდი ხანია, ღიად საუბრობენ.

მართალია, რევოლუცია და ბუნტი დემოკრატიზაციის გზიდან გადახვევას გვაიძულებს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ სააკაშვილის რეალური ალტერნატივა ჯერ კიდევ ვერ დაინახა, ბუნტის საფრთხე მართლაც რომ დღითიდღე იზრდება საქართველოში. ამ ვარაუდებს ყველაზე მეტად ის გარემოება ამყარებს, რომ ხალხის გაღიზიანებას ამჯერად არა პოლიტიკური პროცესები, არამედ ქვეყნის სოციალური უკუსვლა იწვევს.

დასკვნა მკითხველისთვის მიგვინდვია; საზოგადოებამ თავად განსაჯოს, რას უნდა ელოდოს ხელისუფლება ერისგან, რომელსაც კომუნალურ გადასახადს, არსებობისთვის აუცილებელ საკვებ პროდუქტებს და მგზავრობის ღირებულებას გაუორმაგებს, ამ ყველაფრის ფონი ქვეყნის მოსახლეობის 60–70%–ის უმუშევრობაა.