ლევან ბერძენიშვილი: "ამერიკა საქართველოში ბრუნდება"
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელის ლევან ბერძენიშვილის მონაცემებით, "ამერიკა საქართველოში ბრუნდება". ამის შესახებ ვაშინგტონში მყოფმა ბერძენიშვილმა ტელეკომპანია RTVI-ს ეთერში კორესპონდენტთან საუბრის დროს საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა. "ვარდების რევოლუციდან" ერთ წელიწადში, 2004 წელს ამერიკამ საქართველოს მიმართ ყურადღება შედარებით მოადუნა და ამ მიმართულებით საქმიანობა გარკვეულწილად შეზღუდა, ვინაიდან ჩათვალა, რომ ქვეყანაში პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდებოდა და აქტიური ჩართულობის აუცილებლობა არ იყო.
ახლა, როცა მდგომარეობა საგრძნობლად შეცვლილია, აშშ საქართველოში საქმიანობის გააქტიურებას გეგმავს, უპირველესად - დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულეით" - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ამ კონტექსტში იგი ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქისა და მიხეილ სააკაშვილის გარკვეული მსგავსებისა და ამ ორი ლიდერის მიმართ აშშ-ის დამოკიდებულების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა. "სხვაქართველი ოპოზიციონერი ლიდერებისგან განსხვავებით, არასოდეს ვთვლიდი, რომ სააკაშვილი პრორუსული პოლიტიკის გამტარებელია. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ იგი პროდასავლური ტიპის ლიდერია, მაგრამ სააკაშვილი დემოკრატი არ აღმოჩნდა. ამ დასკვნას იმ რეალობიდან გამომდინარე ვაკეთებ, რომ "ვარდების რევოლუციის" პრინციპები საქართველოში არ განხორციელდა და ამას ამერიკაშიც მიხვდნენ. მუბარაქის მაგალითზე აშშ-ის ახალი ხელმძღვანელობა დარწმუნდა, რომ პრინციპი "Сукин сын, но наш" არ ამართლებს. ამდენად, დღეს აშშ საქართველოში ბრუნდება" - დასძინა ბერძენიშვილმა.