სამართალდამცველებმა ტელეკომპანია "იმედის" მიმდებარე ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები დაასრულეს. ტელეკომპანიის ტერიტორიაზე სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა აღმოჩენილი. მათ შორის ორი - "ჰექსოგენის" შემცველი ნაღმი სამართალდამცველებმა წუხელ, გვიან ღამით, გააუვნებელყვეს.ერთ-ერთი ნაღმი ტელეკომპანიის ავტოსადგომთან, ხოლო მეორე – "იმედის" ცენტრალური შენობიდან 10-15 მეტრის მოშორებით იპოვეს.
დღეს, დილიდან განაღმვითი სამუშაოები განახლდა და მესამე ნაღმიც აღმოაჩინეს.მაგრამ, განაღმვის მიუხედავად, მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც შსს–ში აცხადებენ, ნაღმების შესახებ ინფორმაცია მათ გახმაურებულ ტერაქტებში ეჭვმიტანილმა გოგიტა არქანიამ მიაწოდა და ისინი სწორედ ამ ადამიანის ჩვენების საფუძველზე აღმოაჩინეს.
როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, 10 ადამიანი დააკავეს, რომლებიც, სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული არიან 2009-2010 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ტერაქტების განხორციელებაში. კერძოდ, დაკავებულებს ბრალად ედებათ თბილისში, ამერიკის საელჩოსთან, მუხიანსა და ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქებები და ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან, რკინიგზის ხიდის აფეთქების მცდელობა.
აღსანიშნავია, რომ „იმედთან“ დაკავშირებით არსებულ მთელ ამ სიტუაციაში ხელმძღვანელობის მხრიდან ტელეკომპანიის თანამშრომლების უფლებები დაირღვა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მესამე ნაღმი ჯერ ნაპოვნი არ იყო, „იმედს“ მუშაობა არ შეუწყვეტია და, პანიკის მიუხედავად, რომლის არსებობას, ალბათ, მტკიცებაც კი არ სჭირდება, თანამშრომლები ჩვეულებრივ დაიბარეს დღეს დილიდან სამსახურში. შესაძლოა, ეს იმის გამო გაკეთდა, რომ პანიკა ტელეკომპანიის მუშაობაზე არ ასახულიყო, მაგრამ ფაქტია, რომ მათი უფლებები დაირღვა.