საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულმა მეანაბრეებმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერთან კახი კალაძესთან და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.
„ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ აიღონ უწყებრივი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულები 2300 მეანაბრის პასუხისმგებლობა. გუშინ განაცხადი გააკეთეს სესხების განულებაზე, ჩვენ სესხი არ აგვიღია, პირიქით, საქართველოს ეკონომიკაში ჩავდეთ თანხები, ანაბრის სახით განვათავსეთ საფინანსო კომპანიებში და ნება იბოძონ, აიღონ პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ანა ძნელაძემ.
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა, რომლებიც პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავდნენ, შენობაში ძალით შესვლა სცადეს. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლის უფლება არ მისცეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, აქციები გაგრძელდება მანამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.