სამართალი
სოფელ ხეთაში ხანძრისას დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცი გარდაიცვალა

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. სოფელ ხეთაში ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი, 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბილისის დამწვრობის ცენტრის უფროს გუგა ქაშიბაძეზე დაყრდნობით.

მამაკაცმა სხეულის 95%-იანი დამწვრობა მიიღო. მას სასუნთქი გზები ჰქონდა დაზიანებული.

ხანძარი კერძო სახლში ორშაბათს საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი უსაფრთხოების წესების დაუცველობა გახდა - ღუმელის დანთებისას ოჯახის წევრებს ბენზინი ნავთში აერიათ.

ხანძრის შედეგად სულ შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. დამწვრობის სიმძიმიდან გამომდინარე, ხუთი დაშავებული თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს, სადაც ისინი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით ("ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია") დაიწყო.