სამართალი
ხელის რადარებს პოლიცია პირველად საქართველოს სამხედრო გზაზე გამოიყენებს

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. პოლიცია სიჩქარის მზომი ხელის რადარების გამოყენებას დეკემბრიდან მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე დაიწყებს, ნათქვამია შსს–ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ხელის რადარები განკუთვნილია საავტომობილო გზის იმ მონაკვეთებისთვის, სადაც არ არის „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები, ფიქსირდება გადაჭარბებული სიჩქარე და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მაღალია.

სიჩქარის მზომი 9 რადარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს საჩუქრად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურომ (INL) გადასცა. საპატრულო პოლიციის 18 თანამშრომელს ამერიკელი ინსტრუქტორები ტექნიკის გამოყენებას ოთხი დღე ასწავლიდნენ.