პოლიტიკა
"არა ფობიას" შეფასებით, სააკაშვილის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებამ სისტემური ხასიათი მიიღო

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. სამოქალაქო პლატფორმის არა ფობიას წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტური განცხადების გამო. პლატფორმის წევრთა განცხადებით, 18 ნოემბერს „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა პარტია ქართული ოცნების სავარაუდო პიარსპეციალისტი მოშე კლუგჰატი მოიხსენია ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ანტისემიტიზმი მიჩნეულია რასიზმის და რასობრივი დისკრიმინაციის ფორმად, ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსის მიერ შემუშავებული განმარტებით კი, ანტისემიტიზმი არის განსაზღვრული წარმოდგენები ებრაელებზე, რაც გამოიხატება ებრაელების მიმართ სიძულვილში და ებრაელებს მიაწერს სტერეოტიპულ და უარყოფით პიროვნულ თვისებებს. ამ შემთხვევაში თაღლითობის (აფერისტობა) დაკავშირება ადამიანის ებრაულ წარმოშობასთან, გამოხატავს სტერეოტიპულ შეხედულებებს ებრაელთა თაობაზე, რაც ანტისემიტიზმის ერთ-ერთი მახასიათებელია, - ნათქვამია სამოქალაქო პლატფორმის განცხადებაში. წევრი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს არ ყოფილა ანტისემიტური გამოხატვის პირველი შემთხვევა, რადგან 14 ივნისს ექსპრეზიდენტმა გადაცემა კვირის აქცენტებში პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატზე შოთა შალელაშვილზე საუბრისას განაცხადა: შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.

ბოლო პერიოდში ექსპრეზიდენტის მხრიდან სიძულვილის ენის და პოპულისტური ულტრაკონსერვატიული რიტორიკის გამოყენებამ სისტემური ხასიათი მიიღო. 2018 წლის 4 ნოემბერს მან სოციალური ნიშნით დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ კონტექსტში მოიხსენია აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტები, ასევე ერთ-ერთ განცხადებაში იგი ამბობს: “საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ. ქსენოფობიური იდეებით გამოირჩეოდა მის მიერ 2018 წლის 31 ივლისსრუსთავი 2”-ის ეთერში, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოს, 1 და 9 სექტემბერს საკუთარფეისბუქგვერდზე გაკეთებული განცხადებებიც, რომლებშიც ღარიბ ტურისტებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ ეთნიკურ წარმომავლობას და აპელირებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, - ნათქვამია სამოქალაქო პლატფორმის განცხადებაში.

„არა ფობიას“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის განცხადებებისგან, და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ მისმა პარტნიორებმა დაგმონ სიძულვილის ენის სისტემური გამოყენების პრაქტიკა და რიტორიკა და გაემიჯნონ მათ. „არა ფობიას“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, კონკრეტული ჯგუფების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტერმინებით მოხსენიებისა და სტერეოტიპების გავრცელებისგან.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, თანასწორობის მოძრაობა, საფარი, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი და კონსტიტუციის 42- მუხლი.