საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითმა ცენტრმა თბილისში კარი გაუღო 17 ქვეყნის სპეციალისტებს, რათა ცენტრის ირგვლივ სკანდალური ჭორები გააქარწყლოს.
ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ აჟიოტაჟი მოსკოვში 11 სექტემბერს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის სკანდალური განცხადების შემდეგ დაიწყო. მან გამოაქვეყნა რაღაც დოკუმენტები და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ლაბორატორიაში ტარდება ექსპერიმენტები ადამიანებზე, რომლებიც ლეტალური შედეგებით სრულდება.
„ლუგარის ცენტრზე რამდენჯერმე იყო საინფორმაციო შეტევა“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
სერგეენკო ლუგარის ცენტრის თემას შეეხო კონფერენციაზე, რომელიც ბიოლოგიური იარაღის შექმნის აკრძალვის კონვენციას მიეძღვნა.
ღონისძიებაში მსოფლიოს 17 ქვეყნიდან 23 დელეგატი მონაწილეობდა. კერძოდ, ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრების ექსპერტებმა და ხელმძღვანელებმა შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ერაყი, უნგრეთი, იტალია, კამერუნი, კოლუმბია, მალაიზია, მალი, მიანმარი, მონტენეგრო, ყაზახეთი, ჩილე, უგანდა.
„ამ მისიის აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ანალოგიური შეფასებითი მისიები შარშან მაროკოში, შარშანწინ გერმანიაში იმყოფებოდნენ და დღეს საქართველოში, ლუგარის ცენტრში ტარდება. ეს მნიშვნელოვანი აქტივობაა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რაც ჩვენ კარგად ვიცით - გამჭვირვალობა და საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობა“, - განაცხადა სერგეენკომ.
ბაქტერიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის მარაგების შექმნის, წარმოებისა და მომარაგების აკრძალვის კონვენციას (BWC) საქართველო 1996 წლის 22 მაისს შეუერთდა. როგორც კონვენციის წევრი სახელმწიფო, საქართველო ანგარიშვალდებულია, წარადგინოს სრული ინფორმაცია ბიოლოგიური მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობებისა და საქმიანობის შესახებ.
მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, ლუგარის ლაბორატორიაში BWC-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები მიიღოს.
გიორგაძის შემდეგ ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით მკაცრი განცხადებები რუსეთის ხელისუფლებამაც გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბიოლოგიური დაცვის მაღალი დონის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ ფორმალურად ეკუთვნის, სინამდვილეში კი მას პენტაგონი მართავს. ის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გამომწვევების შესწავლის მიზნით აშშ-ის ინტერესებში გამოიყენება.
პაატა იმნაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ცენტრი სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული და ადამიანებზე არანაირი ექსპერიმენტები იქ არ ტარდება. თუმცაღა, ცენტრის მცირე ნაწილი დაქირავებულია ამერიკელი სპეციალისტების მიერ. იქ მუშაობს სამი ამერიკელი, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსებს სწავლობენ.
შექმნილი შეშფოთების გასაქარწყლებლად, ცენტრის ხელმძღვანელობამ უცხოელ, მათ შორის რუს ჟურნალისტებს ცენტრში გადაღების საშუალება მისცა - ერთი ოთახის გარდა, სადაც მიკროორგანიზმები, ვირუსები და შტამები ინახება. სპეციალისტების განმარტებით, ეს უსაფრთხოების მიზნით კეთდება.
ლუგარის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, ალექსეევკაში 2011 წლის მარტში გაიხსნა აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით. თავდაპირველად ის იყო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, შემდეგ - შსს-ს, ხოლო ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
წყარო: "Sputnik-Georgia"